სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუმჯობესებას 20 მარტიდან ელიან

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობაა. ძლიერი ქარის გამო ოთხბალიანი შტორმი დაფიქსირდა აჭარის სანაპიროზე, საგანგებო მდგომარეობაა კახეთში, ზვავსაშიშროება გზებზე, ხოლო კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა  შეფერხებულია. დედაქალაქის რამდენიმე უბანში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა. ძლიერი ქარის გამო, დღეს 07:00 საათზე "თელასის" კუთვნილი 110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები დაზიანდა. დაზიანებულია ხაზები, რომლებიც ელექტროენერგიას ქვესადგურებს "დიღომი-1" და "დიღომი-2" აწვდიან.
დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დიდი დიღმის და დიღმის მასივის ნაწილს შეუწყდა. სულ გათიშულია 23 800 აბონენტი, მათ შორის მოსახლეობა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, კერძოდ, დიღომში მდებარე საავადმყოფოები, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო, საპატრულო პოლიცია და ამერიკის საელჩო. მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. 
 სინოპტიკოსების პროგნოზით ამინდი 19 მარტს შეიცვლება.

. სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძრის შედეგები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძრის შედეგები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა. იგი დაზარალებულებს გაესაუბრა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ზარალი არის უზარმაზარი და მათ უმრავლესობას ბანკის კრედიტებით უწევდათ საქმიანობა.
დედაქალაქის მერმა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელ ნოდარ სანდუხაძეს დაზარალებულების თანდასწრებით მათი აღწერა დაავალა. უგულავამ დაზარალებულებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა მოხდეს მათი გარკვეული სახით კომპენსირება.
ამასთან,  თბილისის მერი დაზარალებულებს იურიდიული მხრივ დახმარებასაც დაჰპირდა. დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ "საბაში" წუხანდელი ხანძრის შედეგად 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართზე მეტი დაიწვა . ცეცხლის ლოკალიზებას დაახლოებით 2 საათი დასჭირდა. ხანძრის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ცეცხლის ლოკალიზებას 35 ბრიგადა და 200-მდე მაშველი ცდილობდა.

რუსი ექსპერტები საქართველოში ღვინის მწარმოებელი საწარმოების ინსპექტირებას აწარმოებენ

რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშენკოს განცხადებით, რუსი ექსპერტები, რომლებიც საქართველოში ღვინის მწარმოებელი საწარმოების ინსპექტირებას აწარმოებენ , შესაძლოა, მოსკოვში გაიწვიონ.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსმა" გაავრცელა.
ონიშენკოს განმარტებით, რუსი ექსპერტების საქართველოდან გამოწვევა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან რუსი ექსპერტების მისამართით გამოთქმული შეურაცხყოფები არ შეწყდება და მათ მუშაობისათვის ნორმალური პირობების არ ექნებათ.
როგორც "ინტერფაქსი" წერს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკრიტიკა საქართველოს ახალი ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც რუსეთში ქართულ ალკოჰოლური და მინერალური სასმელების დაბრუნებას ითვალისწინებს.
რუსული სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ წინა წლებში პრეზიდენტი სააკაშვილი ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსულ ბაზარზე აკრძალვას "რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლად" აფასებდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ჩინოვნიკები რუსეთის მთავარი სანიტარული უწყების ექსპერტების ჩამოსვლის გამო "უკანა თათებზე დამდგარი" დახვედრის გამო აკრიტიკებს.

მიხეილ სააკაშვილი: " თუკი ჩვენ ევროპამ გვკრა ხელი, მაშინ გავხდებით ადვილი ლუკმა ჩვენი მეზობლისთვის "

საქართველოს პრეზიდენტი ,,ევროპის სახალხო პარტიის’’ ლიდერების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ევროკავშირმა საქართვველოსთან ასოცირების ხელშეკრულება დაბლოკოს.
,,ჩვენ ვნახეთ ,,ევროპის სახალხო პარტიის’’ ლიდერების განცხადება. ეს არის ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფი, მათ შეუძლიათ გადაწყვეტილებების დაბლოკვა ევროპარლამენტში და მათ უკვე გამოაცხადეს, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველო წელს ვილნიუსის სამიტზე ვერ მიიღებს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ეს არის ის, რისთვისაც მთელი ეს წლები ჩემი მთავრობა ძალიან ინტენსიურად მუშაობდა’’, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, 8-წლიანი მუშაობის და გატარებული რეფორმების შედეგია, რომ ევროკავშირმა აღიარა საქართველო ყველაზე ნაკლებ კორუმპირებულ ქვეყნად,
,,ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ წელს უნდა გაგვეფორმებინა ვილნიუსში ასოცირების ხელშეკრულება. ამ ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა ეს ყველაფრი დააყენა დარტყმის ქვეშ, ეს არის ნგრევა იმისა, რასაც ჩვენ წლები ვაშენებდით, ეს არის პრობლემა ქვეყნისთვის და თუკი ჩვენ ევროპამ გვკრა ხელი, მაშინ გავხდებით ადვილი ლუკმა ჩვენი მეზობლისთვის. ამიტომ უნდა გამოვფხიზლდეთ’’, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამის გამოსწორება მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა შეძლოს და ამ საკითხებზე მთავრობასთან საუბრისთვის მზად ყოფნა გამოთქვა.

საკონსტიტუციო ცვლილებები შესაძლოა, ვადამდე ადრე შევიდეს ძალაში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავად გამოვიდა ინიციატივით, რომ პრეზიდენტს უფლებები საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეუმცირდეს."- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით  მუშაობა მიმდინარეობს.
"ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბერში ჩვენი მხრიდან იყო ეს შეთავაზება "ნაციონალური მოძრაობისთვის", თუმცა იმ პერიოდისთვის ისინი არ იყვნენ მზად და უფლებამოსილების შემცირება პრეზიდენტისთვის არ იყო მათთვის მისაღები. შექმნილ რეალობაში მათ გამოთქვეს არა თუ მზადყოფნა, არამედ თავად გამოვიდნენ ინიციატივით აღნიშნულთან დაკავშირებით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს საუბრები იმაზე, რომ შევიდეს ძალაში საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საპრეზიდენტო  არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო.
"ამ ცვლილებების მიხედვით, მნიშვნელოვნად მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილება. იზრდება პრემიერის უფლებამოსილება და ბალანსდება პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ იმ მოდელში არის გარკვეული ხარვეზები, მისი ამოქმედება ნაწილობრივ და არა სრულად იქნება ბევრი პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს დგას დღის წესრიგში. კოალიცია "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აყენებდა მხოლოდ ერთ საკითხს, ანუ ჩვენთვის საკმარისი იყო იმ ერთი საკითხის მოგვარება, რომ პრეზიდენტს აღარ შეეძლოს ერთპიროვნულად მთავრობის შექმნა, მაგრამ ამ საუბრებში, ვინაიდან გაჩნდა მზაობა უფრო კომპლექსური, უფრო გლობალური პრობლემების მოგვარების, ჩვენ ვთქვით, რომ ეს საინტერესო იდეაა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ევროპარლამენტარები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ

,,შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა განაცხადეს ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში დემოკრატიის გაუარესების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ,,საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ამ თვალსაზრისით ევროპარლამენტთან ურთიერთობა უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამითაა მნიშვნელოვანი", -განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.შეგახსენებთ, რომ ევროპარლამეტარები თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომის ფარგლებში იმყოფებიან.

სამართალდამცავები გიგი უგულავას დასაკითხად იძულებით ზომებს მიიღებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგი უგულავას დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადბას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ნფორმაციაში აღნიშნულია, რომ თბლისის მერის გიგი უგულავას დასაკითხად იძულებითი ზომები იქნება მიღებული.

"თბილისის მერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე არ გამოცხადდა.  შესაბამისად მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები განხორციელდება. გამოძიება მიმართავს საქალაქოსა სამართლოს, რათა, გასცეს ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულები თწარდგენის შესახებ. პირის იძულებით მოყვანის წესი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ემუხლით." - ნათქვამია განცხადებაში.

ბენედიქტე მეთექვსმეტემ რომის პაპის რანგში უკანასკნელი საჯარო მესა გამართა

ბენედიქტე მეთექვსმეტემ რომის პაპის რანგში უკანასკნელი საჯარო მესა გამართა. წმინდა პეტრეს ტაძარში ღვთისმსახურება დიდი მონანიების დღესასწაულის აღსანიშნად ჩატარდა. ბენედიქტე მეთექვსმეტემ კიდევ ერთხელ ისაუბრა თავის გადაწყვეტილებაზე და განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მან კათოლიკური ეკლესიის სასარგებლოდ მიიღო.
მან ასევე სასულიერო წრეებში არსებულ უთანხმოებასა და პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კათოლიკური ეკლესიის სახე თავად სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებისა და განხეთქილების შედეგად დაზარალდა.
გადადგომის შესახებ რომის პაპმა ორშაბათს განაცხადა. მსგავსი შემთხვევა კათოლიკური სამყაროს ისტორიაში მეორედ ხდება. ბენედიქტე მეთექვსმეტეს შემცვლელს მარტის ბოლომდე აირჩევენ.

ავიაკატასტროფა უკრაინაში

თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ოდესიდან დონეცკში მიფრინავდა, ავარიულად დაეშვა, შემდეგ კი ცეცხლი მოედო.
შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა. სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილზე უკვე დასრულებულია. ამოღებულია თვითმფრინავის "შავი ყუთი".
წინასწარი ვერსიით, შემთხვევის მიზეზი თვითმფრინავის ძრავთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. ამ დროისთვის მუშაობა დონეცკის საერთაშორისო აეროპორტში დროებით შეწყვეტილია.
"ან 24-ის" ტიპის თვითმფრინავის ბორტზე ავიაკატასტროფისას სულ 45 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრები ფეხბურთის გულშემატკივრები იყვნენ და უკრაინის "შახტარისა" და დორტმუნდის "ბორუსიის" თამაშზე დასასწრებად მიდიოდნენ.
ფეხბურთელებმა ინციდენტისას დაღუპულებს პატივი თამაშამდე წუთიერი დუმილით მიაგეს.

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !