საქართველოში გლოვის დღეა. დროშები უკვე დაუშვეს ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე - პრეზიდენტის სასახლე, სამინისტროები, დედაქალაქის მერია, საზღვარგარეთ მოქმედი საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა.
პრეზიდენტმა 7 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა. ჰელმანდის პროვინციაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას საქართველოს 7 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. დაჭრილია 9 ჯარისკაცი.
ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. თავდასხმის დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე.
ავღანეთში დაღუპული 7-ვე ჯარისკაცი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე იყო.
კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი და გიორგი ღუჭაშვილი მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს. თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა. ირაკლი ალასანია დაჭრილ სამხედროებს მოინახულებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ადგილზე, პრემიერთან შეთანხმებით, ბრიუსელიდან გაემგზავრა.
ალასანია უკვე შეხვდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს. ბისმელა მოჰამადმა მწუხარება გამოთქვა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართული ჯარის თავდადებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ აქტიური და პროფესიონალური ბრძოლისთვის. ორი ქვეყნის მინისტრებმა ავღანეთში ამ დროისთვის არსებული ვითარება და მოქმედების სამომავლო გეგმები დეტალურად განიხილეს.
დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯარისკაცები ამ დროისთვის ბაზა "ბასტიონზე", მთავარ ჰოსპიტალში მკურნალობენ. ქართული ბატალიონების დისლოკაციის ადგილებზე კი საგანგებო ზომებია მიღებული.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედროები ამ დროისთვის სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. დაღუპულების ოჯახების წევრებს კი მომხდარის შესახებ გუშინ, საღამოს 7 საათისთვის შეატყობინეს.
საქართველოს საგარეო უწყება არ იღებს ინსტრუქციებს ბატონი კარასინისგან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა ტიპის კანონებს მიიღებს და განახორციელებს კონკრეტულ ტერიტორიებთან მიმართებაში. რაც შეეხება გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გუშინ გამართულ შეხვედრას, მინისტრის მოადგილის შეფასებით, პროგრესი მოკრძალებულია, მაგრამ რუსეთის კონსტრუქციულობის იმედი აქვთ.
"რასაკვირველია, პროგრესი არის მოკრძალებული, მაგრამ ესაა პროცესი, რომელშიც საქართველო ჩაერთო. იმედი გვაქვს რუსეთიც იქნება კონსტრუქციული ამ ნაბიჯების გათვალისწინებით", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
ოფიციალური მოსკოვი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს მოქმედი კანონის გაუქმებას ითხოვს, რომელიც სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითვალისწინებს მათ მიმართ, რომლებიც აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს საზღვრის გადაკვეთის გარეშე გაემგზავრებიან.
რუსეთის მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე არ განხილულა.
ამ საკითხზე საუბარი მოსკოვის წარმომადგენელმა არ ისურვა. აღნიშნული საკითხი ივნისის ბოლოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში განიხილება. ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში ცოტა ხნის წინ დასრულდა:
"დავადასტურე ის პოზიცია რაც უკვე მოგახსენეთ, რომ ვართ ღრმად შეშფოთებული იმასთან დაკავშირებით რაც ხდება საოკუპაციო ზოლზე, რომ ეს იწვევს უაღრესად სერიოზულ ჰუმანიტარულ პრობლემებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, მთლიანად საქართველოში ძალიან უარყოფითად აღიქმება ეს ყველაფერი და ზოგადად ქმნის უარყოფით ფონს ჩვენი დიალოგისათვის. მან განაცხადა, რომ ამ საკითხს შეისწავლიან და ჟენევის მოლაპარაკებებზე იქნება განხილული უფრო დეტლურად. რუსეთის მხარის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის, სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნათესაური, პროფესიული და საქმიანი კავშირების ხელშეწყობის მიზნით. დავადასტურეთ ჩვენი პოზიცია 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეხვედრის დასრულებისთანავე რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი პოზიტიურად აფასებს მსგავსი ფორმატის მოლაპარაკებებს.
პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სხდომაზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული კადრები განიხილეს.
ბოკერიას თქმით, შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა მან აღნიშნა რომ სამწუხაროდ პრემიერმინისტრმა გუშინდელი მოწოდებების ფონზე სხდომაზე მოსვლა ვერ მოახერხა.
„პრემიერი პარტიის ყრილობის გახსნაზე იმყოფებოდა, მან თქვა რომ გრაფიკს ვერ შეიცვლიდა და აქ განხილული საკითხები საკმარისად მნიშვნელოვანი არ იყო. პრემიერს არ ვეთანხმები. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ის სხდომებში მონაწილეობას მიიღებს, მითუმეტეს უშიშროების საბჭომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, რომელიც სუვერენიტეტს, მოქალაქეების ცხოვრებასა და არაღიარების პოლიტიკას ეხება,“-აღნიშნა ბოკერიამ.
როგორც ბოკერია დასძენს, შეხვედრაზე მრავალი ერთობლივი ღონისძიების შესახებ იყო საუბარი. თუმცა, უშიშროების საბჭოს მდივანი დეტალების გამხელისგან თავს იკავებს.
თეა წულუკიანი კოტე კუბლაშვილს საჯარო დებატებში იწვევს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გმობს მართლმსაჯულების ხელმძღვანელთა მიერ მოსამართლეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ დაუშვებელია, მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფების შეცდომაში შეყვანის მიზნით, გამოგონილი მიზეზებით, ორგანიზებულ ღონისძიებებზე მათი ქალაქგარეთ გაყვანა და იქ მოსამართლეთა დარწმუნების მცდელობა, რომ, თუკი ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ შემადგენლობას მხარს დაუჭერენ, ამით მათ საფრთხე შეექმნებათ", -ნათქვამია განცხადებაში.
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 9 ივნისი უმნიშვნელოვანესი დღეა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლეები თავიანთი ღირსების შესაბამისად, დემოკრატიულ და გამჭვირვალე არჩევნებს ჩაატარებენ.
იუსტიციის მინისტრი ამ და სხვა საკითხებზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს საჯარო დებატებში იწვევს.
საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ადამიანისა და ეროვნული უმცირესობების უფლებებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს ბრიუსელში, ნატო-საქრთველოს კომისიის სხდომის გახსნისას განაცხადა.
ბრიუსელში ალიანსის გენერალურმა მდივანმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართეს.
"მოხარული ვარ, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობთ. საქართველო ნატო-ს განსაკუთრებული პარტნიორია, რომელსაც სურს ალიანსის წევრი გახდეს. საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში მნიშვნელოვანია. საქართველო ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ნატო-ს ოპერაციებში. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს, ასევე მწუხარებას გამოვხატავთ გაღებული მსხვერპლისთვის. მნიშვნელოვანია ის რეფორმებიც, რომელიც თავდაცვის სექტორში მიმდინარეობს, რაც ძალიან შთამბეჭდავია. ნატო საქართველოსთან რეფორმების განხორციელების პროცესში თანამშრომლობს, მოკავშირე ქვეყნები კი გამოხატავენ მზადყოფნას მხარი დაუჭირონ საქართველოს და მას საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.
ჩვენ ასევე, დიდი ინტერესით ვაკვირდებით საქართველოს ფარგლებში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პროცესს. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ადამიანისა და ეროვნული უმცირესობების უფლებებს. ასევე, მოვუწოდებთ განახორციელოს ფუნდამენტური რეფორმები და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ბოლოს. ჩვენ ასევე, ურყევ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საზღვრებში. სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ადგილი ევრო-ატალნტიკურ საზოგადოებაშია. მოუთმენლად ველი, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები კვლავ ძალაში რჩება. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი გაწევრიანებისთვის შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს", - განაცხადა რასმუსენმა.
ანდერს ფოგ რასმუსენის გამოსვლის ტექსტი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავცრელა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას პოზიტიურად აფასებს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან
განაცხადა, ამ სხდომაზე იმსჯელებენ, რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს დეოკუპაციის კუთხით.
"ვიმსჯელებთ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად პოლიტიკური მოსაზრებისა, პოლიტიკური კინკლაობა, ურთიერთბრალდებები ყველამ გვერდზე უნდა გადადოს და საბჭომ იმსჯელოს ქვეყნის მნიშვნელოვან თემებზე. უნდა მოხდეს მსჯელობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე", - აღნიშნა ბაქრაძემ. შეგახსენებთ, უშიშიროების საბჭოს საგანგებო სხდომა დღეს 16:00 საათზეა დაგეგმილი.
უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ სხდომის მოწვევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. დოკუმენტის თანახმად, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოიწვია.
საბჭოს ინფორმაციით, სხდომა დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება და მასზე შიდა ქართლში ოკუპაციის ხაზის გადმოწევასა და ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.
განიხილება ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არააღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.
ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ხოლო მის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი წარმართავს. საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან - პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც მონაწილეობს.
დაესწრება თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომას, ამ დროისთვის უცნობია.
ამ ეტაპზე ასევე უცნობია, რა შემადგენლობით შეიკრიბება საბჭო. დადგენილი წესის მიხედვით, სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ოთხი მინისტრი უნდა დაესწროს. აღსანიშნავია, რომ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ქვეყანაში არ იმყოფებიან. სხდომა პრეზიდენტის სასახლეში 16:00 საათისთვის არის ჩანიშნული.
თურქეთის ერთ -ერთ ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წუხელ იერიში პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის რეზიდენციაზე მიიტანეს. აღნიშნული ინციდენტი ქალაქ დოლმაბახჩაში მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მანქანები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. თავად პრემიერი რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.
ანტისამთავრობო გამოსვლების დროს თურქეთში 2 ადამიანი დაიღუპა – ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის სამხრეთით მდებარე ჰატაის პროვინციაში ცეცხლსასროლით ჭრილობები მიიღო 22 წლის ახალგაზრდამ. დაშავებული აბდულა კომერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. თავის მხრივ პარლამენტის დეპუტატის, "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" წევრ ჰასან აკგოლის ცნობით, გადაცვლილი მათი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანტისამთავრობო გამოსვლების პირველი მსხვერპლი 20 წლის მემეტ აივალიტასია, რომელიც სტამბულში იმ დროს დაიღუპა, როდესაც ტაქსი მომიტინგეებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად კიდევ 4 ადამიანი დაშავდა. თურქეთში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. თურქეთის მედიკოსთა ასოციაციის ინფორმაციით, პარასკევიდან მოყოლებული ადგილობრივ საავადმყოფოებში 484 დაშავებული დემონსტრანტია მოთავსებული. პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე 1 700 ადამიანია დაკავებული.
თურქეთში აქციის დროს დაშავებული ქართველი სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ანკარაში საქართველოს კონსულის თორნიკე ბერეკაშვილის ინფდორმაციით, ექიმები მას რეანიმაციიდან თერაპიულ პალატაში დღეს გადაიყვანენ.
თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 19 წლის ქართველი სტუდენტი ბიჭი დაშავდა. დაშავებული სტუდენტი კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა მოინახულა.
"როგორც თავად მითხრა, აქციის მონაწილე არ ყოფილა. მისივე განცხადებით, მას პოლიციელმა ბლაგვი საგანი დაარტყა, თუმცა ზუსტად არ ახსოვს, როგორ იყო,"- განაცხადა ბერეკაშვილმა.