
გამოცემა "ბლუმბერგი" აქვეყნებს სარედაქციო წერილს სათაურით "ერთნახევარი "ვაშა" ქართულ დემოკრატიას".
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში გამარჯვებული ძალის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დემოკრატად მიჩნევა ნაადრევია, ისევე, როგორც შეცდომა იყო სააკაშვილის მიჩნევა დემოკრატად მანამ, სანამ მან ორჯერ არ აღიარა არჩევნებში დამარცხება.
"ბლუმბერგი" საქართველოში შერჩევითი სამართლის არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ახალმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების 35 ჩინოვნიკი დააპატიმრა, ასეთი სურათი კი ხელს უშლის ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას და ამასთან, სხვა პოლიტიკურ ლიდერებს უქრობს სურვილს, მომავალში თავისუფალი არჩევნები ჩაატარონ და მშვიდად დატოვონ თანამდებობები:
გამოცემა სააკაშვილსაც აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მან ქვეყანა კი გარდაქმნა უკეთესობისკენ, მაგრამ ამას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩახშობის ხარჯზე მიაღწია. გამოცემის აზრით, დაახლოებით იგივე გზაზე დგას ბიძინა ივანიშვილიც:
"ის ყიდულობს სიმშვიდეს იმით, რომ იყენებს სუსტ მართლმსაჯულებას პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად და ქმნის პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც მას ექნება ძალაუფლება პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების გარეშე", – აღნიშნულია სტატიაში.