"წერილის ავტორთა სტატუსი და კომპეტენცია სათანადო საფუძველს არ აძლევთ მათ მიერ დაყენებული საკითხი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან განიხილონ,"
ასე ეხმაურება ოფიციალურ პასუხში რუსეთის საპატრიარქოს სინოდი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის 13 წარმომადგენლის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისადმი წერილს.
წერილში ნათქვამია, რომ ეს უთანხმოება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ფარგლებში:
,,რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს თითოეული ადამიანის თავისუფალ მრწამსს, ისევე როგორც აფხაზი ხალხის რელიგიურ ტრადიციებს. თუმცა, მისი აღმსარებლობითი ნორმები საშუალებას არ იძლევა განვიხილოთ ორგანიზაციის და ეკლესიის შიდა პრობლემები მათთან ერთად, ვინც ეკლესიის მიღმა დგას და არ იზიარებს ქრისტიანულ შეხედულებებს.
რუსეთის პატრიარქი თანაგრძნობით ეკიდება აფხაზურ ეკლესიაში არსებულ სიძნელეებს და ცდილობს მის ნორმალიზებას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ფარგლებში. წერილის ავტორთა სტატუსი და კომპეტენცია სათანადო საფუძველს არ აძლევთ მათ მიერ დაყენებული საკითხი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან განიხილონ. ისღა დაგვრჩენია, გისურვოთ, რომ სამომავლოდ აფხაზეთის საეკლესიო საკითხების გადაჭრის გზები არ გახდეს პოლიტიკური ანგაჟირების საკითხი და წარიმართოს მორწმუნეთა შორის ურთიერთგაგებით" -აღნიშნულია ოფიციალურ პასუხში.