-
2013-08-08 15:20
ვინც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ვერ მიადევნებს, შეეძლება დეპუტატთა ცხარე კომენტარები ონლაინ სივრცეში წაიკითხოს და თანაც დაადგინოს, სად არის სიმართლე.
http://factcheck.ge/- ახალი საიტის მიზანია, საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს პარლამენტში დეპუტატებისა და სხვა პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენა. ,,საქართველოს პარლამენტში, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში, ხშირია გამომსვლელთა მხრიდან შეგნებულად, თუ შეუგნებლად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ამ მხრივ, საქართველოს პოლიტიკური სივრცე საჭიროებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მზარდ მონიტორინგს,“- ნათქვამია საიტის აღწერაში „ჩვენს შესახებ“.
ონლაინ სივრცეში შექმნილი ახალი საიტის იდეა ეკუთვნის „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ დირექტორს სერგი კაპანაძეს და მას უშუალოდ ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ვიცე-დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი. ჯგუფის წევრები ახორციელებენ საპარლამენტო სხდომების მონიტორინგს და დეპუტატების განცხადებებში გამოვლენილ ფაქტობრივ სიზუსტეს თუ უზუსტობებს, ასახავენ შესაბამის სტატიაში და ათავსებენ ვებ-გვერდზე. ახალი საიტის შექმნის იდეა თანაბრად მოსწონს როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ასევე უმრავლესობასაც. საიტი ორენოვანია და პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.