თამარ ბერუჩაშვილი - საქართველოს საგარეო უწყება არ იღებს ინსტრუქციებს კარასინისგან

საქართველოს საგარეო უწყება არ იღებს ინსტრუქციებს ბატონი კარასინისგან, - ამის შესახებ  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  გრიგორი  კარასინის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების  შესახებ კანონთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებზე კომენტირებისას განაცხადა. 

 


მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია,  რა ტიპის კანონებს მიიღებს და განახორციელებს კონკრეტულ ტერიტორიებთან მიმართებაში. რაც შეეხება გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გუშინ გამართულ შეხვედრას, მინისტრის მოადგილის შეფასებით, პროგრესი მოკრძალებულია, მაგრამ რუსეთის კონსტრუქციულობის იმედი აქვთ. 

 


"რასაკვირველია, პროგრესი არის მოკრძალებული, მაგრამ ესაა პროცესი, რომელშიც საქართველო ჩაერთო. იმედი გვაქვს რუსეთიც იქნება კონსტრუქციული ამ ნაბიჯების გათვალისწინებით", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

მოსკოვი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს მოქმედი კანონის გაუქმებას ითხოვს

ოფიციალური მოსკოვი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს მოქმედი კანონის გაუქმებას ითხოვს, რომელიც სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითვალისწინებს მათ მიმართ, რომლებიც აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს საზღვრის გადაკვეთის გარეშე გაემგზავრებიან. 

>>>

რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხი არ განხილულა

რუსეთის მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე არ განხილულა. 
ამ საკითხზე საუბარი მოსკოვის წარმომადგენელმა არ ისურვა. აღნიშნული საკითხი ივნისის ბოლოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში განიხილება. ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში ცოტა ხნის წინ დასრულდა:

"დავადასტურე ის პოზიცია რაც უკვე მოგახსენეთ, რომ ვართ ღრმად შეშფოთებული იმასთან დაკავშირებით რაც ხდება საოკუპაციო ზოლზე, რომ ეს იწვევს უაღრესად სერიოზულ ჰუმანიტარულ პრობლემებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, მთლიანად საქართველოში ძალიან უარყოფითად აღიქმება ეს ყველაფერი და ზოგადად ქმნის უარყოფით ფონს ჩვენი დიალოგისათვის. მან განაცხადა, რომ ამ საკითხს შეისწავლიან და ჟენევის მოლაპარაკებებზე იქნება განხილული უფრო დეტლურად. რუსეთის მხარის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის, სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნათესაური, პროფესიული და საქმიანი კავშირების ხელშეწყობის მიზნით. დავადასტურეთ ჩვენი პოზიცია 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


შეხვედრის დასრულებისთანავე რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი პოზიტიურად აფასებს მსგავსი ფორმატის მოლაპარაკებებს.

უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა.  შეხვედრის შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სხდომაზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული კადრები განიხილეს.

ბოკერიას თქმით, შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა მან აღნიშნა რომ სამწუხაროდ პრემიერმინისტრმა გუშინდელი მოწოდებების ფონზე სხდომაზე მოსვლა ვერ მოახერხა.

„პრემიერი პარტიის ყრილობის გახსნაზე იმყოფებოდა, მან თქვა რომ გრაფიკს ვერ შეიცვლიდა და აქ განხილული საკითხები საკმარისად მნიშვნელოვანი არ იყო. პრემიერს არ ვეთანხმები. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ის სხდომებში მონაწილეობას მიიღებს, მითუმეტეს უშიშროების საბჭომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, რომელიც სუვერენიტეტს, მოქალაქეების ცხოვრებასა და არაღიარების პოლიტიკას ეხება,“-აღნიშნა ბოკერიამ.

როგორც ბოკერია დასძენს, შეხვედრაზე მრავალი ერთობლივი ღონისძიების შესახებ იყო საუბარი. თუმცა, უშიშროების საბჭოს მდივანი დეტალების გამხელისგან თავს იკავებს.

იუსტიციის მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საჯარო დებატებში იწვევს

თეა წულუკიანი კოტე კუბლაშვილს საჯარო დებატებში იწვევს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გმობს მართლმსაჯულების ხელმძღვანელთა მიერ მოსამართლეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ დაუშვებელია, მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფების შეცდომაში შეყვანის მიზნით, გამოგონილი მიზეზებით, ორგანიზებულ ღონისძიებებზე მათი ქალაქგარეთ გაყვანა და იქ მოსამართლეთა დარწმუნების მცდელობა, რომ, თუკი ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ შემადგენლობას მხარს დაუჭერენ, ამით მათ საფრთხე შეექმნებათ", -ნათქვამია განცხადებაში.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 9 ივნისი უმნიშვნელოვანესი დღეა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლეები თავიანთი ღირსების შესაბამისად, დემოკრატიულ და გამჭვირვალე არჩევნებს ჩაატარებენ.

იუსტიციის მინისტრი ამ და სხვა საკითხებზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს საჯარო დებატებში იწვევს.

 

რასმუსენი - საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი გაწევრიანებისთვის შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ადამიანისა და ეროვნული უმცირესობების უფლებებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს ბრიუსელში, ნატო-საქრთველოს კომისიის სხდომის გახსნისას განაცხადა.
ბრიუსელში ალიანსის გენერალურმა მდივანმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართეს.
"მოხარული ვარ, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობთ. საქართველო ნატო-ს განსაკუთრებული პარტნიორია, რომელსაც სურს ალიანსის წევრი გახდეს. საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში მნიშვნელოვანია. საქართველო ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ნატო-ს ოპერაციებში. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს, ასევე მწუხარებას გამოვხატავთ გაღებული მსხვერპლისთვის. მნიშვნელოვანია ის რეფორმებიც, რომელიც თავდაცვის სექტორში მიმდინარეობს, რაც ძალიან შთამბეჭდავია. ნატო საქართველოსთან რეფორმების განხორციელების პროცესში თანამშრომლობს, მოკავშირე ქვეყნები კი გამოხატავენ მზადყოფნას მხარი დაუჭირონ საქართველოს და მას საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. 
ჩვენ ასევე, დიდი ინტერესით ვაკვირდებით საქართველოს ფარგლებში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პროცესს. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ადამიანისა და ეროვნული უმცირესობების უფლებებს. ასევე, მოვუწოდებთ განახორციელოს ფუნდამენტური რეფორმები და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ბოლოს. ჩვენ ასევე, ურყევ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საზღვრებში. სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ადგილი ევრო-ატალნტიკურ საზოგადოებაშია. მოუთმენლად ველი, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები კვლავ ძალაში რჩება. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი გაწევრიანებისთვის შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს", - განაცხადა რასმუსენმა.
ანდერს ფოგ რასმუსენის გამოსვლის ტექსტი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავცრელა.

პოლიტიკური კინკლაობა, ურთიერთბრალდებები ყველამ გვერდზე უნდა გადადოს და საბჭომ იმსჯელოს ქვეყნის მნიშვნელოვან თემებზე - დავით ბაქრაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე  უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას პოზიტიურად აფასებს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან 
განაცხადა, ამ სხდომაზე იმსჯელებენ,  რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს დეოკუპაციის კუთხით. 
"ვიმსჯელებთ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად პოლიტიკური მოსაზრებისა, პოლიტიკური კინკლაობა, ურთიერთბრალდებები ყველამ გვერდზე უნდა გადადოს და საბჭომ  იმსჯელოს ქვეყნის მნიშვნელოვან თემებზე. უნდა მოხდეს მსჯელობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე", - აღნიშნა ბაქრაძემ. შეგახსენებთ, უშიშიროების საბჭოს საგანგებო სხდომა დღეს 16:00 საათზეა დაგეგმილი.

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ სხდომის მოწვევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. დოკუმენტის თანახმად, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოიწვია. 
საბჭოს ინფორმაციით, სხდომა დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება და მასზე შიდა ქართლში ოკუპაციის ხაზის გადმოწევასა და ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. 
განიხილება ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არააღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები. 
ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ხოლო მის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი წარმართავს. საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან - პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც მონაწილეობს. 
დაესწრება თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომას, ამ დროისთვის უცნობია. 
ამ ეტაპზე ასევე უცნობია, რა შემადგენლობით შეიკრიბება საბჭო. დადგენილი წესის მიხედვით, სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ოთხი მინისტრი უნდა დაესწროს. აღსანიშნავია, რომ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ქვეყანაში არ იმყოფებიან. სხდომა პრეზიდენტის სასახლეში 16:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

თურქეთში ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს

თურქეთის ერთ -ერთ ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წუხელ იერიში პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის რეზიდენციაზე მიიტანეს. აღნიშნული ინციდენტი ქალაქ დოლმაბახჩაში მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მანქანები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. თავად პრემიერი რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.

ანტისამთავრობო გამოსვლების დროს თურქეთში 2 ადამიანი დაიღუპა – ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის სამხრეთით მდებარე ჰატაის პროვინციაში ცეცხლსასროლით ჭრილობები მიიღო 22 წლის ახალგაზრდამ. დაშავებული აბდულა კომერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. თავის მხრივ პარლამენტის დეპუტატის, "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" წევრ ჰასან აკგოლის ცნობით, გადაცვლილი მათი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანტისამთავრობო გამოსვლების პირველი მსხვერპლი 20 წლის მემეტ აივალიტასია, რომელიც სტამბულში იმ დროს დაიღუპა, როდესაც ტაქსი მომიტინგეებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად კიდევ 4 ადამიანი დაშავდა.  თურქეთში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. თურქეთის მედიკოსთა ასოციაციის ინფორმაციით, პარასკევიდან მოყოლებული ადგილობრივ საავადმყოფოებში 484 დაშავებული დემონსტრანტია მოთავსებული.  პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე 1 700 ადამიანია დაკავებული.

 

თურქეთში აქციის დროს დაშავებული ქართველი სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ანკარაში საქართველოს კონსულის თორნიკე ბერეკაშვილის ინფდორმაციით, ექიმები მას რეანიმაციიდან თერაპიულ პალატაში დღეს გადაიყვანენ.

თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 19 წლის ქართველი სტუდენტი ბიჭი დაშავდა. დაშავებული სტუდენტი კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა მოინახულა.

"როგორც თავად მითხრა, აქციის მონაწილე არ ყოფილა. მისივე განცხადებით, მას პოლიციელმა ბლაგვი საგანი დაარტყა, თუმცა ზუსტად არ ახსოვს, როგორ იყო,"- განაცხადა ბერეკაშვილმა.

ვანო მერაბიშვილს საკანში ტელევიზორი და გაზეთები ესაჭიროება - კჟიშტოფ ლისეკი

ევროპარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლის, პოლონელი დეპუტატის კჟიშტოფ ლისეკის ინფორმაციით ვანო მერაბიშვილს საკანში ტელევიზორი და გაზეთები ესაჭიროება. როგორც ლისეკმა ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს ამის კანონიერი უფლება აქვს და ამიტომ ის პირადად მიმართავს ისუტიციის მინისტრს , რომ მერაბშვბილს საკანშ ტელევიზორი და გაზეთები შეუტანონ. მისივე განცხადებით მერაბიშვილი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ჰგონია, რომ მალე გათავისუფლდება. ლისეკი გაკვირვებულია, რომ მას არ აქვს ოჯახის წევრებთან შეხვედრის და წერილის დაწერის საშუალება. კჟიშტოფ ლისეკის განცხადებით ვანო მერაბიშვილი ნორმალურ პირობებშია თუმცა მას სეირნობის უფლებას მხოლოდ ნახევარი საათი აძლევენ

შეგახსენებთ, რომ პოლონელი დეპუტატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 9 საათზე მივიდა.

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !