
"რუსთავი2"–ის სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტი ემა გოგოხია აცხადებს, რომ მასზე მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ზეწოლას ახდენდნენ და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
მოთხოვნა ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტების გამოძიების დაწყების შესახებ 12:00 საათზე „რუსთავი2“–მაც გააჟღერა.
ემა გოგოხიამ დღეს „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში დაასახელა იმ მაღალჩინოსნების გვარები, რომლებიც ე.წ. ხურჩის ტერაქტის შესახებ მისგან მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას ითხოვდნენ.
გოგოხიას მიერ დასახელებულთა შორის ფიგურირებენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მისგან ითხოვდნენ ხურჩაში მომხდარი ინციდენტის შესახებ იმის გაცხადებას, რომ არავითარი ტერაქტი არ ყოფილა და ინსცენირება ქართულმა მხარემ მოაწყო.
ემა გოგოხია ირაკლი ალასანიას, ლაშა ნაცვლიშვილს, გელა კვანტალიანსა და კახა ჩიხრაძეს ასახელებს და ამბობს, რომ მათთან შეხვედრა თბილისში, კონსპირაციულ ბინაში შედგა.
მისივე თქმით, „რუსთავი2“–ის ხელმძღვანელობასთან ბრიფინგის ჩატარება არ შეუთანხმებია:
„მათ ამ ბრიფინგის შესახებ გაიგეს უკვე დაანონსების შემდეგ, თქვენს წინაშე გამოსვლის გადაწყვეტილება კი პირადად მე, როგორც მოქალაქემ მივიღე“, – თქვა ემა გოგოხიამ და დაამატა, რომ დეტალებზე სასამართლოში ისაუბრებს.
ჟურნალისტის თქმით, ლაშა ნაცვლიშვილი მისგან ხურჩის ინციდენტის „გაპრავებას“ ითხოვდა, ხოლო ირაკლი ალასანია ეუბნებოდა, რომ ის წინა ხელისუფლების დროს არასდროს ყოფილა სატანადოდ დაფასებული:
„მან მითხრა, რომ გამიშვებდა რუსეთში, სადაც მექნებოდა ბიზნესი და ჩამომიყვანდა უკან თანამდებობაზე დასანიშნად“, – აცხადებს ჟურნალისტი ემა გოგოხია, რომელიც 1999 წლიდან „რუსთავი2“–ის ჟურნალისტია. ის მიხეილს სააკაშვილის მიერ ღირსების ორდენითაცაა დაჯილდოებული.
ემა გოგოხიას, როგორც ჟურნალისტს, მონაწილეობა აქვს მიღებული რეგიონში მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის გაშუქებაში.
ამ მოვლენებს შორისაა ხურჩაში 2008 წლის 21მაისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს მომხდარი ფაქტი.
მაშინ არჩევნებში მონაწილეობისათვის, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან სოფელ ხურჩაში მიმავალ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, მათი ტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი ავტობუსები კი დაწვეს. დღემდე ცნობილი იყო, რომ თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე სეპარატისტებმა მოაწყვეს.
ახალი ხელისუფლების მიერ საქმის თავიდან შესწავლის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის განსხვავებული ვერსია დადო. მათი მტკიცებით ეს იყო არა ტერაქტი, არამედ ტერაქტის ინსცენირება და იგი ქართულმა მხარემ მოაწყო. ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს. მათ შორის აფხაზეთის კუდ–ის მთავარი სამმართველოს უფროსი რომან შამათავა, რომელიც ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
რამდენიმე დღის წინ შამათავასა და მასთან ერთად დაკავებულ მურღულიასთან დაკავშირებით განცხადება სამეგრელოს გუბერნატორმა თენგიზ გუნავამაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ ამ ბრალდებით შამათავასა და მურღულიას დაკავება რუსული სპეცსამსახურების დაკვეთაა და არ გამორიცხა, რომ ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი თვითონ მას, ასევე ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიასაც წაუყენონ.