
ჟურნალისტ თინა თაყაძეს, რომელიც კომპანია „კავკასუსში“ დოკუმენტებისთვის იყო მისული, რიგში მდგომმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შენობიდან გასვლის შემდეგ დანით მის დაჭრას ცდილობდა.
როგორც თაყაძე "აფხაზეთის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში იხსენებს, ის კომპანიაში დოკუმენტების წამოსაღებად მივიდა, რიგში დადგა და მომსახურების დროს ელოდა.
იქვე ერთი მამაკაცი, რომელიც ასევე, სავარაუდოდ, რიგში იდგა, კომპანიის თანამშრომლებს დაჟინებით სთხოვდა, ერთ-ერთ ტელეარხზე მისი საყვარელი სერიალი ჩაერთოთ.
მამაკაცი გაღიზიანებული ჩანდა და სავარაუდოდ, მისი დამშვიდების მიზნით, კომპანიის თანამშრომლები თხოვნის შესრულებას დაჰპირდნენ.
როცა თინა თაყაძის რიგი დადგა, მამაკაცს გაახსენდა, რომ ისიც დოკუმენტების წამოსაღებად იყო მისული და გოგონას ურიგოდ წასვლის გამო შენიშვნა მისცა.
,,მისი რიგი არ იყო, მაგრამ რადგან არაადეკვატური ქმედებები შევამჩნიე, ვუთხარი, რომ დავუთმობდი ადგილს. ამის შემდეგ ის ჩამოჯდა და მეზობელ სკამზე მჯდარ ქალბატონთან თავისი საყვარელი სერიალის განხილვა დაიწყო.
რადგან ოპერატორის კითხვებს არ პასუხობდა და, უბრალოდ, სხვა თემით იყო დაკავებული, მე კი ტაქსში ჩემი მეგობარი მელოდა, ვთხოვე - იქნებ მიმიშვათ, რომ ჩემი ფურცელი ავიღო, ძალიან ცოტა დრო დასჭირდება და მანამდე თქვენ თქვენი სერიალი განიხილეთ-მეთქი.
ამაზე გაბრაზდა და უშვერი სიტყვებით ლანძღვა დამიწყო, თან დასარტყმელად გამოიწია, მაგრამ მე მისი მოგერიების მიზნით ხელი ვკარი. იქვე მაგიდაზე დაეცა. მერე გარეთ გამოვედი, გამომყვა, დავინახე, დანა ამოიღო ჯიბიდან და ჩემი მიმართულებით წამოვიდა, მე ხელი დავუჭირე, მაგრამ ძალა არ მეყო, რომ წამერთმია. მან კიდევ რამდენჯერმე სცადა ჩემთვის დანის დარტყმა. სახეში მიმიზნებდა და თან ყვიროდა.
ერთი მოქნევისას ქურთუკზე ჩამომისვა, მაგრამ მე არ დავზიანებულვარ.“- ჰყვება თაყაძე ,,აფხაზეთის ხმასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ,,კავკასუსის“ ოფისში არც დაცვის თანამშრომელი უნახავს და არც სხვა რომელიმე თანამშრომელს უცდია კონფლიქტის განეიტრალება, მაშინ, როცა გარეთ გასულებს შენობის ფანჯრებიდან აკვირდებოდნენ. კომპანიის თანამშრომლებს არც საპატრულო პოლიცია გამოუძახებიათ.
შეიარაღებული მამაკაცისა და ჟურნალისტის ჩხუბს ის მეგობარი შეესწრო ,რომელიც თაყაძეს ტაქსში ელოდა და პატრულიც სწორედ მან გამოიძახა.
"დაცვის თანამშრომლები არ ჰყავდათ შიგნით, არც კამერები იდგა, როგორც აღმოჩნდა. ამ ჩხუბს შემინული კარებიდან აკვირდებოდნენ შიგნით მყოფები და პოლიციაში არავინ დარეკა.
ბოლოს, ისევ ჩემი მეგობარი, რომელიც ტაქსში მელოდა დაიღალა ჩემი ლოდინით, ჩემს სანახავად შენობაში შემოსვლას აპირებდა, როცა გარეთ ჩვენს კინკლაობას შეესწრო.
პატრული მან გამოიძახა, საპატრულო პოლიციის დანახვის შემდეგ ეს შეიარაღებული მამაკაცი გაიქცა.“- ჰყვება თაყაძე.
ჟურნალისტმა უკვე მისცა ჩვენება მომხდართან დაკავშირებით, როგორც მან განაცხადა საქმეც აღძრულია და გაქცეულ პირს ეძებენ. თინა თაყაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დაჰკითხეს.
მისი თქმით, ვიდეომასალა ქუჩის კამერებიდან არის ამოღებული, რადგან კომპანიის შენობაში, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ აღმოჩნდა.