
ზუგდიდში პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი კოტე გულორდავა ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დარბაზიდანვე გათავისუფლდა წინასწარი პატიმრობიდან.
აღმკვეთ ღონისძიებად მას სასამართლომ არა წინასწარი პატიმრობა, არამედ 2.000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ამასთან, გულორდავას მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდება. სასამართლო პროცესი გულორდავას ახლობლებისა და ოჯახის წევრების აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
სასამართლოს დაწყებამდე გულორდავას ბრალდება გადაუკვალიფიცირდა. თუ აქამდე მას სხეულის ნაკლებად მძიმე ან მსუბუქ დაზიანებაში ედებოდა ბრალი, ამჯერად სხეულის მზიმე დაზიანებას ედავებიან.
შეგახსენებთ, რომ კოტე გულორდავამ ზუგდიდში პატრულ–ინსპექტორ გოგა ანჩაბაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სავარაუდოდ, სხვა პირებთან ერთად დანის წვერით აწამა, ყური მოაჭრა, პოლიციელის ფორმა გახადა და ბოტანიკურ ბაღთან, კოლეჯის ეზოში შიშველი დატოვა.
გოგა ანჩაბაძეს ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
კოტე გულორდავამ გოგა ანჩაბაძეზე ამ ფორმით შურისძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ ის გულორდავას ორი თვის ორსულ მეუღლეზე სექსუალურად ძალადობდა. ანჩაბაძე გულორდავასა და ანი ძაპტაშვილის ქორწილში მეჯვარე იყო.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებს უკვე მისცა ჩვენება ანა ძაპტაშვილმა, რომელმაც დეტალურად აღწერა, როგორ ცდილობდა მის გაუპატიურებას ამჟამად საავადმყოფოში მყოფი ანჩაბაძე.
ძაპტაშვილმა გუშინ თავი შეუძლოდ იგრძნო და კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების მიზეზით, ორსული ქალის მდგომარეობა სტრესულმა გარემოებებმა დაამძიმა. ამჟამად ძაპტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.