ჩაგდებული კენჭისყრა, უსუფაშვილის შენიშვნა ხიდაშელს და სხდომის სხვა დეტალები

უკვე ზედიზედ მესამე სხდომაა, საქართველოს პარლამენტში ვერ ხერხდება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენება. საპარლამენტო უმცირესობა პროცედურულ ხრიკებს იყენებს და კენჭისყრას აგდებს.

 

16 მაისის სხდომის დასრულებამდე საკითხი კენჭისყრაზე ვერ დადგა: კაონონით, 21:00 საათზე სხდომა უნდა დასრულდეს, მანამდე კი პროცედურული საკითხების მოუგვარებლობის გამო, საკითხის გატანა ვერ მოხერხდა.

 

თავდაპირველად, უმცირესობის წევრებმა რეგისტრაციის პროცესი განზრახ არ გაიარეს, ამის შედეგად კი ტაბლოზე 69 დეპუტატი დაფიქსირდა. პარლამენტის სხდომის გახსნისთვის საჭირო ქვორუმი კი 76 დეპუტატს ითხოვს.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 15 წუთიანი შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც ხელახალი რეგისტრაცია ჩატარდა.

 

სხდომა საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობდა. როგორც რადიო „აფხაზეთის ხმის“ კორესპონდენტი ქუთაისიდან იტყობინება, დავით უსუფაშვილმა ჯერ აკაკი ბობოხიძეს გამოურთო მიკროფონი, შემდეგ კი შენიშვნა მეუღლეს თინა ხიდაშელს მისცა - ადგილიდან წამოძახილის გამო.

 

მანამდე კი საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, რომლებიც კანონპროექტში ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. დეპუტატმა შოთა მალაშხიამ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოდგენილ ცვლილებებს ხელს არ მოაწერს და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

 

უმცირესობის წევრებიდან ყველაზე მეტად გივი თარგამაძე აქტიურობდა: „რუსულ სინამდვილეში, ასეთი ომახიანი მებრძოლები, ძალიან ხშირად თავად ხდებიან მსხვერპლნი", - განაცხადა პარლამენტის წევრმა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას, შემდეგ კი პირადად მას და მისი გუნდის წევრებს მიმართა: "გარწმუნებთ, თქვენ გამოყენებული იქნებით იმაში, რომ ქვეყანა დასუსტდეს.

 

დასუსტებულ ქვეყანაში რუსები მშვიდად და აუღელვებლად მოახერხებენ შეღწევას და ამ შემთხვევაში გარწმუნებთ, რომ ისინი მადლობას არავის ეტყვიან. რუსები ასეთ მოქმედებებში შემჩნეული არ არიან - ბიძინა ივანიშვილსაც იგივე ჩექმით მიაჭყლიტავენ, როგორც ამ ქვეყნის ყველა ჩვეულებრივ მოქალაქეს".

 

გივი თარგამაძემ „ნდობის ჯგუფის“ წევრად მისი დანიშვნის საწინააღმდეგო მოსაზრებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვერცერთი არგუმენტირებული აზრი ვერ მოისმინა იმის თაობაზე, თუ რატომ არ უნდა იყოს ამ ჯგუფის წევრი. ის თვლის, რომ მისი „დაწუნება“, უბრალოდ, ახირებას უკავშირდება:

 

"მე რუსებს არ ვუყვარვარ, პუტინს არ ვუყვარვარ, შესაბამისად, საგანელიძეს არ ვუყვარვარ და არ ვუყვარვარ პრემიერმინისტრს. ვერაფერს ვიზამ, არც მე მიყვარს ისინი,"- ამბობს თარგამაძე. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის აზრით, ნდობის ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესს გივი თარგამაძე აჭიანურებს, რადგან უმრავლესობა მისი კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს.

 

საბოლოოდ, კენჭისყრაზე საკითხი ვერ გავიდა. საქართველოს პარლამენტი 17  მაისის სხდომაზე კანონპროექტს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ისევ დაუბრუნდება.

ეკა ბესელია: ავღანეთში ქართველი სამხედროების რაოდენობის საკითხი გადასახედია

,,ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების გაგზავნით დიდი მსხვერპლია გაღებული,"- წერს ეკა ბესელია საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ,,ფეისბუქში".

 

მისი განცხადებით, ქვეყანაში შესაბამისი უწყებები უნდა დაფიქრდნენ რამდენად გამართლებულია ამ კონტიგენტის ყოფნა ავღანეთში და ღირს თუ არა განცდილი მსხვერპლი.

 

,,დიდია გარდაცვლილთა რაოდენობა. ბუნებრივია, ამ საკითხს უნდა შევხედოთ კომპლექსურად. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო, მთავრობა და პარლამენტი უნდა დაფიქრდეს, რამდენად გამართლებულია ამ კონტინგენტის ყოფნა. გასაგებია, რომ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში ჩვენი როლი გვაკისრია, მაგრამ იქნებ გადაიხედოს ჩვენი ჯარისკაცების ამ რაოდენობით და ამ მასშტაბით მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში,"- წერს ეკა ბესელია.

ირაკლი ფირცხალავა: ექსპერტიზის დასკვნები რუსეთიდან, აშშ-დან და ბრიტანეთიდან ჩამოსულია

ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულები მამუკა გვაზავა და ირაკლი ფირცხალავა, საქმის დროულ გამოძიებასა და სასამართლოს დანიშვნას მოითხოვენ.

 

როგორც „პრესკლუბში მე-17 სართლულზე“, ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმის“ პირდაპირ ეთერში მამუკა გვაზავამ განაცხადა, მოწმეებმა მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცეს. სამივე მოწმე იმ დროისათვის სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა ჩვენების მიცემის შემდგომ ისინი გათავისუფლდნენ.

 

გვაზავა ამ ფაქტს საეჭვოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ საკითხებზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მოწმის ნუგზარ გვილავას ჩვენების მიხედვით, გვაზავამ ის შემთხვევაში ადგილიდან ტყვიების მოსატანად გააგზავნა, რაც გვაზავას თქმით, შეუძლებელი და ტყუილია.

ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა აშშ-დან, ბრიტანეთიდან და რუსეთიდან უკვე ჩამოსულია და მისი გადათარგმნა მიმდინარეობს.

 

ფირცხალავა აცხადებს,რომ შსს-ს და სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები ავთენტურია საზღვარგარეთ ჩატარებული ექსპერტიზების, სადაც დასტურდება, რომ ვიდეომასალის საწყისი კადრები 5 წუთამდე უწყვეტია. ირაკლი ფირცხალავა საიასა და სახალხო დამცველის აპარატს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

 

მისი თქმით, იგი საიას წარმომადგენელს და ომბუდსმენს შეხვდა და მათ აღნიშნული საქმის ირგვლივ ვითარება გააცნო,თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

 

ფირცხალავა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინონ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ყველა ფაქტებზე. მისივე თქმით, დღეს საია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები შერჩევით რეაგირებენ კანონდარღვევებზე.

შესაძლოა, "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობა კიდევ ერთმა ქვეყანამ აღიაროს

,,უახლოეს დღეებში მინიმუმ ერთი ქვეყნისგან მაინც სამხრეთ ოსეთის აღიარებას უნდა ველოდოთ,"- ეს განცხადება რუსეთის ფედერაციაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დიპლომატმა დიმიტრი მედოევმა რუსულ გამოცემა ,,ტრიბუნა.რუ"-სთან ინტერივუში გააკეთა.

 

ექსკლუზიურ ინტერვიუში მედოევმა იმ ქვეყნების დასახელებისგან თავი შეიკავა, რომლებმაც მისი თქმით, შესაძლოა აღიარონ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. მისი განცხადებით ეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის მოსკოვში ვიზიტამდე გასაჯაროვდება. თიბილოვის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში კი 21 მაისს არის დაგეგმილი.

 

მედოევი ასევე აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი აღარასოდეს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში.

 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს გაზეთმა ,,რეზონანსმა" სტატია გამოაქვეყნა, სადაც ექსპერტი კავკასიოლოგი მიხეილ ბეროშვილი აცხადებს, რომ დიდი შანსია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა ბელორუსმა და ეკვადორმა აღიარონ.

 

"ბელორუსისგან აღიარება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რადგან არაპროგნოზირებადი ლიდერი ჰყავს. ლუკაშენკოსგან ყველაფერი მოსალოდნელია. გააჩნია, რუსეთი როგორ გაურიგდება,"- ამბობს ბეროშვილი.

 

კავკასიოლოგის ვარაუდით, აღიარების საფრთხე არსებობს "ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან, რომლებსაც რუსეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ", კონკრეტულად კი მას ეკვადორის მაგალითი მოჰყავს.

 

რუსეთის მხრიდან 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის 5 სექტემბერს ნიკარაგუამ აღიარა, 2009 წლის 10 სექტემბერს - ვენესუელამ; 2009 წლის 15-16 სექტემბერს ნაურუმ; 2011 წლის დასაწყისში აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვანუატუმ ცნო, ტუვალუმ კი ამავე წელს ორივე სეპარატისტული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 18 სექტემბერს აღიარა.

 

2012 წელს რუსული გამოცემები აქტიურად წერდნენ, რომ მომავალში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ეკვადორი და ბელარუსიც აღიარებდა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მათ გასულ წელს ყველაფერი გააკეთეს, რომ ამ ქვეყნების მხრიდან აღიარების პროცესი შეჩერებულიყო, თუმცა 15 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ისევ გაჩნდა მინიშნება სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხე. განცხადებაში ნათქვამი იყო ,რომ ამ პროცესის რისკს გააძლიერებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა უჭერს მხარს.

რეპორტაჟი დაღუპული ქართველი სამხედროების სამგლოვიარო ცერემონიალიდან

ავღანეთში დაღუპულ სამი ქართველი სამხედრო პირის ცხედარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაახლოებით 10:30 საათზე ჩამოასვენეს.

>>>

ბოკერია: „იმედი მაქვს, პრემიერის ინტერვიუს „ევრონიუსთან“ მყისიერი განმარტება მოჰყვება“

,,ევრონიუსთან" ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია:

>>>

პრეზიდენტმა 16 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა

შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

1. ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF)) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას 2013 წლის 13 მაისს ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად საქართველოში 2013 წლის 16 მაისი გამოცხადდეს გლოვის დღედ.

 

2. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2013 წლის 16 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნას სახელმწიფო დროშები", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

 

საქართველოს მთავრობა დღეს გამოვიდა ინიციატივით და პრეზიდენტს მიმართა, რომ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად 16 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდეს.

გივი თარგამაძე: "ვწუხვარ, რომ ივანიშვილის გარდა, "მეცხრე არხს" პუტინიც ჰყავს უფროსად"

,,ძალიან ვწუხვარ, რომ მეცხრე არხს ივანიშვილის გარდა პუტინიც ჰყავს ხელმძღვანელად,"- განაცხადა გივი თარგამაძემ ტელეკომპანია ,,აფხაზეთის ხმის" პირდაპირ ეთერში, "პრესკლუბი მე-17 სართულზე" სტუმრობისას.

 

მისი თქმით, მე-9 არხმა ბალტიისპირეთში მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით რუსული ტელეკომპანია ,,რტრ"-ის დაკვეთით იმუშავა:
,,რტრ"-ის ჟურნალისტმა ჩემთან ინტერვიუს დროს დაადასტურა რომ მეცხრე არხის ჟურნალისტებმა მათი დაკვეთით იმუშავეს, როცა ჩამისაფრდნენ სახლთან.

 

ეს მასალა პირდაპირ ეთერში მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ, ორი წუთით აჩვენა "მე-9 არხმა", რათა ,,რტრ"-ს აეღო ეს მასალა და რუსულ სპეცსამსახურებს ჰქონოდათ ზუსტი ინფორმაცია, სად ვიმყოფებოდი."-განაცხადა თარგამაძემ.

 

გივი თარგამაძე დღეს სტუმრად "პრესკლუბში მე-17 სართულზე" იმყოფებოდა. "პრესკლუბი მე-17 სართულზე" პერიოდულად გავა ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმის" ეთერში და ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ეს პრინციპი საერთო იქნება მომავალში ყველა სხვა სტუმრისთვისაც, რაც ქართულ ტელესივრცეში ნოვატორული ნაბიჯია.

საპატრიარქო და რელიგიური გაერთიანებები 17 მაისის აქციის შესახებ

საპატრიარქო და  საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებები  17 აპრილის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ:

 

"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრესი დასაყრდენია, ხოლო მისი უზრუნველყოფა – საზოგადოებრივი დემოკრატიული პროცესების წარმატებით წარმართვის აუცილებელ პირობას.

 

ეს თავისუფლება ერთის მხრივ ინდივიდის თვითრეალიზაციის საშუალება, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებისათვის საჭირბოროტო თემებზე აზრის გამოთქმის, დისკუსიების, დებატების გზით შეთანხმების მიღწევისა და საზოგადოების განვითარების წინაპირობაა.

 

დემოკრატიული საზოგადოებისათვის ასევე ფასეულია შეკრებების თავისუფლების უზრუნველყობა, რომელიც გამოხატვის რეალიზების ერთ-ერთი საშუალებაა"- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერმინისტრი „ევრონიუსს“: სერბეთი და კოსოვო ჩვენთვის ძალიან კარგი მაგალითია

"საქართველო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ ისწრაფვის", - ასე დაასათაურა "ევრონიუსმა" 14 მაისს გამოქვეყნებული ინტერვიუ საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან.

საქართველოს შიდა პრობლემებთან და საგარეო კურსთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა საერთაშორისო მასშტაბის რამდენიმე კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებითაც.

ერთერთი შეკითხვა ასე ჟღერდა: "სერბეთმა და კოსოვომ განაცხადეს, რომ აწესრიგებენ ურთიერთობებს და დაიწყო მათ შორის შეთანხმების მომზადების პროცესი ბრიუსელში.

 

შესაძლოა ეს იყოს მაგალითი და მოტივაცია, რომ დაალაგოთ ურთიერთობა აფხაზეთთან და ოსეთთან?", რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:

 

"ეს ძალიან კარგი მაგალითია. ეს ადასტურებს, რომ მსოფლიო იცვლება და ადამიანები, ვინც წარსულში რაღაცას ვერ ახერხებდენ, ახლა პოულობენ საერთო ენას და აღწევენ შეთანხმებას. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ენერგია, რომ დავლაგოთ ურთიერთობა ჩვენს ძმებთან - ოსებთან და აფხაზებთან და, რა თქმა უნდა რუსეთთანაც."

 

"ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს დიდ მეზობელთან", - ამბობს ივანიშვილი ინტერვიუში და დასძენს, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიის 20%, თუმცა აუცილებლად დაიბრუნებს მას, მხოლოდ არა ძალის გამოყენებით, არამედ მოლაპარაკების შედეგად. ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართვეელოს შორის დღეს არსებული ურთიერთობა არცერთი მხარისთვის არაა მისაღები და ხელსაყრელი.

 

პრემიერმინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !