-
2013-11-11 10:28
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი „რაღაც ინტრიგა“ იყო და ამ ომის შემდეგ დისკრედიტირებული მიხეილ სააკაშვილი დარჩა.
ამასთან, მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ „ის პრობლემა, რომელიც სააკაშვილმა შექმნა“, „შარშანდელი თოვლია, მათ შორის, რუსეთისთვისაც“. საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, სოჭის ოლიმპიადის ფაქტორზე, რუსეთის დამოკიდებულებაზე საქართველოს მისწრაფებებისადმი ევროპისკენ და სხვა თემებზე გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ გადაცემაში ისაუბრა. შეეხო რა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემას, გიორგი მარგველაშვილმა ორი ქვეყნის დაპირისპირებისთვის პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს დააკისრა და აღნიშნა, რომ 10-20 წლის შემდეგ ეს „რაღაც ინტრიგა“ საინტერესო აღარ იქნება რიგითი რუსისთვის: “ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. დრო უნდა გავიდეს. მიხეილ სააკაშვილი იყო დისკრედიტირებული ამ ომის შემდეგ. მაგრამ რა? რომელი რუსისთვის იქნება ეს ინტრიგა საინტერესო 10- 20 წლის შემდეგ?.. რუსს უნდა ჩამოსვლა საქართველოში, ასევე ქართველების ჩასვლა რუსეთში. უნდა, რომ იყოს კულტურული ურთიერთობები, როგორც ეს იყო ისტორიულად, პუშკინიდან მოყოლებული. ის, რომ პრობლემა სააკაშვილმა შექმნა, შარშანდელი თოვლია, მათ შორის რუსეთისთვისაც“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.