-
2013-11-10 12:21
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადებით უპასუხა საქართველოს მთავრობის მიმართვას პრეზიდენტის რეზიდენციაზე გულებიანი დროშის აღმართვასთან დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილმა გამოხმაურება „ფეისბუქზე“, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა:
"ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდით მთავრობაში დაბრუნებულ შევარდნაძის მთავრობის თანამდებობის პირებს, როცა ჩემგან იცავენ იმ დროშას, რომლის გამოყენებაზე არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემს წინააღმდეგ მაშინ, როცა თბილისის საკრებულოს თავჯდომარე ვიყავი. მთელი ეს წლები მკერდით ვატარებ ხუთჯვრიან დროშას, რომელიც დღევანდელი მთავრობის არც ხელმძღვანელის, არც სხვა რომელიმე მინისტრის პიჯაკზე არასდროს დამინახავს. არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, ვინაიდან როცა შემომქონდა, მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს და ამასთანავე საუკეთესოა მსოფლიოს სახელმწიფოთა დროშებს შორის!"- წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, დღის მეორე ნახევარში საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის თავზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად გულებიანი დროშა აღიმართა, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განმარტა, რომ დროშის სეცვლა კლიპის გადაღებას უკავშირდებოდა და მას ისევ სახელმწიფო დროშა ჩაანაცვლებდა. ამ დროისთვის რეზიდენციის თავზე ისევ ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს.