მიხეილ სააკაშვილი დეპუტატებთან ერთად შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, უკრაინის მხარეს, ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა, ქვეითთა სარგებლობისთვის განკუთვნილი გასასვლელი, ისევე, როგორც სამანქანო, უკრაინის მხრიდან ჩაკეტილია.
მიხეილ სააკაშვილმა დაგეგმილი მარშრუტი კიდევ ერთხელ შეცვალა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საზღვრისკენ ის პოლიტიკოსებთან ერთად ავტობუსით დაიძრა მას შემდეგ, რაც მატარებლით გამგზავრება ვერ შეძლო, ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის საზღვრის გადაკვეთას არა "კრაკოვეციდან", არამედ "შეგინიდან" შეეცდება.
"მე პოროშენკოს ვერ მივართმევ ისეთ საჩუქარს, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე არ მივიდე. მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრება", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პერემიშლის რკინიგზის სადგურზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა, პერემიშლი-კიევის რეისის მატარებელი დაეტოვებინა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შესვლის პირველ გეგმას უბრუნდება.
პერემიშლის სადგურზე, რომელიც პოლონეთში მდებარეობს და საიდანაც "ინტერსიტის" მატარებელი გადის, მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას მოქალაქეების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა.
დაახლოებით 40-დე სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა, რომლებიც დღეს დილით "კრაკოვეცზე" ავტობუსით მივიდნენ, პოლიციამ იმავე ავტობუსით უკან გააბრუნა.
"კრაკოვეცთან" FEMEN-ის წელზემოთ შიშველი აქტივისტი გამოჩნდა. მალე ის ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა. მის დაკავებას ეღთდროულად 50-დე პოლიციელი ცდილობდა.
უკრაინის ერთიანობისთვის მებრძოლი ბატალიონი "დონბასი", რომელიც "კრაკოვეცთან" დილით მივიდა, მზადაა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ბანაკი "ტიტუშკებისგან" დაიცვას. ამის შესახებ "რუსთავი-2" იტყობინება და ვიდეოს აქვეყნებს.
სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "კრაკოვეცთან" ღამემ მშვიდად, დარღვევების გარეშე ჩაიარა, - ამის შესახებ ლვოვის პოლიციის სამმართველო იტყობინება.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მითითებები, რასაც მესაზღვრეები იღებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არ შეუშვან, უკანონოა და ყველას, ვინც მათ შეასრულებს, მოუწევს, პასუხი აგოს.