
სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "კრაკოვეცთან" ღამემ მშვიდად, დარღვევების გარეშე ჩაიარა, - ამის შესახებ ლვოვის პოლიციის სამმართველო იტყობინება.
დილით პუნქტზე პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს, რათა "ტიტუშკებსა" და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის ცოცხალი ჯაჭვი უზრუნველყონ.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, მთელი ღამის განმავლობაში პუნქტთან მორიგეობდა პოლიციის ჯგუფი, ადგილზე იყო ლვოვის პოლიციის სამმართველოს უფროსი. პოლიციელებმა დამატებითი ინსტრუქტაჟი მიიღეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სიტუაციის გართულების შემთხვევაში.
"კრაკოვეცთან" სააკაშვილის მხარდამჭერთა კარვების ქალაქია გაშლილი. მოშორებით სპორტული აღნაგობის ახალგაზრდები არიან დაბანაკებული, თუმცა, მათ კარვები არა აქვთ გაშლილი.
გუშინ მათმა ნაწილმა გაშალა პლაკატი "მიხო, კეთილი იყოს შენი მიბრძანება საქართველოში". სააკაშვილის მხარდამჭერები და რამდენიმე დეპუტატი ამბობს, რომ ისინი "ტიტუშკები" არიან, რომელიც ხელისუფლებამ დაიქირავა და ავტობუსებით გაუშვა სასაზღვრო პუნქტისკენ.
თავად მიხეილ სააკაშვილი საზღვრისკენ ავტობუსით, ჟურნალისტებთან ერთად მიემართება. კიევიდან სააკაშვილის მხარდასაჭერად დაძრული კოლონა ლვოვში შევიდა და სასაზღვრო პუნქტისკენ მიემართება.