-
2017-09-10 18:25
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა, პერემიშლი-კიევის რეისის მატარებელი დაეტოვებინა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შესვლის პირველ გეგმას უბრუნდება.
"ჩვენ გთავაზობთ ყველას, ავტობუსებით წავიდეთ "კრაკოვეცისკენ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, პერემიშლიდან(პოლონეთი) კიევის მიმართულებით სამგზავრო მატარებელი დანიშნულ დროს (თბილისის დროით 15:00-ზე) არ დაიძრა, ხოლო დისპეტჩერმა გამოაცხადა, რომ შემადგენლობა არ დაიძვრება მანამ, სანამ ვაგონში მიხეილ სააკაშვილია.
მოგვიანებით მატარებლის უფროსმა მგზავრებს გამოუცხადა, რომ დანიშნულების ადგილებამდე ავტობუსებით ჩაიყვანდნენ, ბილეთების ფასს კი უკრაინაში აუნაზღაურებდნენ.
მატარებელში პოლონელი სამართალდამცველები იყვნენ ასული, მათ სააკაშვილის უკრაინული პასპორტი შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ პოლონურ მხარეს მასთან პრეტენზია არა აქვს. ამის მიუხედავად, უკრაინულმა მხარემ მატარებლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, კონკრეტული ბრძანების გამცემი არ სახელდება.
სახალხო დეპუტატები უკრაინის მთავრობის წევრებს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრსაც დაუკავშირდნენ, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს.
ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა უკრაინის შსს-მ, სადაც აღნიშნულია, რომ პოლონეთში მატარებლის გადაადგილებასთან მას არანაირი კავშირი არა აქვს.