
უკრაინის ერთიანობისთვის მებრძოლი ბატალიონი "დონბასი", რომელიც "კრაკოვეცთან" დილით მივიდა, მზადაა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ბანაკი "ტიტუშკებისგან" დაიცვას. ამის შესახებ "რუსთავი-2" იტყობინება და ვიდეოს აქვეყნებს.
ბატალიონის მეთაური ამბობს, რომ ისინი იმოქმედებენ კანონის შესაბამისად და აღკვეთენ პროვოკაციებს, მათ შორის, თუ საჭირო გახდება, მთელი სიმკაცრითაც. ბატალიონის წევრებს თან არა აქვთ იარაღი, იქედან გამომდინარე, რომ სამშვიდობო აქციაში მონაწილეობენ.
"დონბასის" წარმომადგენლებს დავით საყვარელიძემ მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი მშვიდად დახვდებიან მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ამავე დროს, დაიცავენ თავსაც, თუკი პოროშენკო ისეთი მეთოდებით გააგრძელებს ბრძოლას, როგორსაც იანუკოვიჩი იყენებდა.
"დონბასის" წევრები უკვე ჩადგნენ ცოცხალ ჯაჭვში სააკაშვილის მხარდამჭერებსა და "ტიტუშკებს" შორის, როცა ეს უკანასკნელნი ბანაკისკენ დაიძრნენ. ამ დროისთვის ისინი პოლიციის კორდონმა ჩაანაცვლა.