გენერალ-მაიორს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის რადის დეპუტატებს აცნობა, რომ სასაზღვრო პუნქტი დანაღმულია, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "ქონიანი გენერალი" უწოდა და კორდონში მდგარ მესაზღვრეებს მოუწოდა, არ დაემორჩილონ მის ბრძანებებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვიდეოზარის მეშვეობით მიმართა შეგინის უკრაინის მხარეს შეკრებილ მხარდამჭერებს. მის მიმართვას ოვაციები მოჰყვა.
მიხეილ სააკაშვილი დეპუტატებთან ერთად შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, უკრაინის მხარეს, ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა, ქვეითთა სარგებლობისთვის განკუთვნილი გასასვლელი, ისევე, როგორც სამანქანო, უკრაინის მხრიდან ჩაკეტილია.
მიხეილ სააკაშვილმა დაგეგმილი მარშრუტი კიდევ ერთხელ შეცვალა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საზღვრისკენ ის პოლიტიკოსებთან ერთად ავტობუსით დაიძრა მას შემდეგ, რაც მატარებლით გამგზავრება ვერ შეძლო, ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის საზღვრის გადაკვეთას არა "კრაკოვეციდან", არამედ "შეგინიდან" შეეცდება.
"მე პოროშენკოს ვერ მივართმევ ისეთ საჩუქარს, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე არ მივიდე. მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრება", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პერემიშლის რკინიგზის სადგურზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა, პერემიშლი-კიევის რეისის მატარებელი დაეტოვებინა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შესვლის პირველ გეგმას უბრუნდება.
ეს განცხადება პერემიშლის(პოლონეთი) რკინიგზის სადგურში მდგარ მატარებელში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.
"ინტერსიტის" მატარებელი, რომელიც პერემიშლიდან(პოლონეთი) კიევის მიმართულებით თბილისის დროით, 15:00 საათზე უნდა დაძრულიყო, სადგურზე ამ დრომდე დგას.
პერემიშლის სადგურზე, რომელიც პოლონეთში მდებარეობს და საიდანაც "ინტერსიტის" მატარებელი გადის, მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას მოქალაქეების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა.
დაახლოებით 40-დე სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა, რომლებიც დღეს დილით "კრაკოვეცზე" ავტობუსით მივიდნენ, პოლიციამ იმავე ავტობუსით უკან გააბრუნა.