
"წაყრუება არ შეიძლება, გვარამიას მხრიდან საჭიროა ბოდიშის მოხდა, ან მისი განცხადების ფაქტებით გამყარება", - ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს.
როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიამ
”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა რომ 7 ნოემბერს სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა.
"გვარამიას ეს განცხადება შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 7 ნოემბერის მოვლენებს წარმართავდნენ.
როდესაც სახელმწიფო ღალატს გაბრალებს ის ადამიანი, რომელიც იმ დროს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, სულ მცირე ფაქტები და დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი აპირებს, იურისტებს მიმართოს და საჭიროების შემთხვევაში გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.