ადვოკატ ონისე მებონიას აზრით, უმაღლესი ხარისხის კარაქის ნაცვლად, იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან დამზადებული სპრედით წალენჯიხის ბაღების მომარაგების გამო, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის ნატო კვარაცხელიას პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.
საქმე იმაშია, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ორი ინდივიდუალური მეწარმე, რომლებმაც შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ათეულობით საბავშვო ბაგა - ბაღს უმაღლესი ხარისხის კარაქის ნაცვლად, ეტაპობრივად მიაწოდეს იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან დამზადებული სპრედი, რა გზითაც, მოტყუებით დაეუფლნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხებს.
ადვოკატი ონისე მებონია, რომელიც ამავდროულად, წალენჯიხის ერთ-ერთი ბაღის აღსაზრდელის ბიძაა, საქმის სრულ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.
„სრულიად შემთხვევით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის ბაღებში ჩვენს მცირეწლოვან შვილებს მინიმუმ 2 წლის მანძილზე კარაქის ნაცვლად ფალსიფიცირებულ, ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტს აჭმევდნენ. გამოძიება წარმართული იქნა მხოლოდ სხელმწიფოსთვის მატერიალური ზიანის მიყენების კუთხით და განაჩენით პასუხისგებაში იქნა მიცემული ტენდერში გამარჯვებული მომმარაგებელი პირები (4 წელი პირობითი მსჯავრი). საქმე მაქსიმალურად დახურულ რეჟიმში, კულუარულად, საზოგადოებისთვის მალულად იქნა წარმართული.
არადა საქმე მცირეწლოვანი ბავშვების კვებას და ჯანმრთელობას შეეხებოდა. სამწუხაროდ, გამოძიება არ დაინტერესებულა ბავშვების ჯანმრთელობისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის ან ასეთი ზიანის საფრთხის გარემოებებით, არ გამოკვლეულა აღნიშნული პროდუქტის ზეგავლენა ბავშვების ჯანმრთელობაზე და ბავშვები და მათი მშობლები არავის მიუჩნევია დაზარალებულად“, - განმარტავს მებონია.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი ქალბატონი ნატო კვარაცხელია დაკავებულ თანამდებობას დღემდე იკავებს და მის მიმართ არათუ სისხლის სამართლებრივი, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც კი არ დამდგარა.
„ჩემი ძმიშვილი სწორედ წალენჯიხის ერთ-ერთი ბაღის აღსაზრდელია და მშობლის პოზიციიდან მოვითხოვ ამ საქმის სრულ და ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირების ყველა დონის პასუხისგებაში მიცემას. ამასთან, წალენჯიხის ბაღების სააგენტოსგან მოვითხოვ ბაღების აღსაზრდელთა მშობლებს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას აჭმევდა ჩვენს შვილებს და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროდუქტმა ბავშვების ჯანმრთელობაზე.
სათანადო ზომების დაუყოვნებლივ მიუღებლობის შემთხვევაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით მშობელთა გაერთიანება მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას“, - აცხადებს ონისე მებონია.