ქართული მხარე დათანხმდა რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის იმ ფორმას, რასაც „გაზპრომ ექსპორტი“ მოითხოვდა.
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს:
"ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას.
რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად“, - თქვა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, ხელშეკრულება ორწლიანია, ძველ ხელშეკრულებას კი ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა. კახა კალაძე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დათმობად არ აღიქვამს "გაზპრომის" მოთხოვნაზე დათანხმებას:
"ხელშეკრულებას 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა. მათი მოთხოვნა იყო, რომ გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლებოდა ბუნებრივი აირის წამოღება არაკანონიერად, ანუ მოგვეპარა მილში გატარებული ბუნებრივი აირი. შემდეგ ამას მოჰყვებოდა სასამართლოში წასვლა და ეს გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის“, - თქვა მან.