
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციისათვის, საქართველოში ჩამოსულმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ საქართველო-ნატოს დაახლოების პერსპექტივებზე ისაუბრა.
აპატურაიმ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებად შეაფას. მისი თქმით, მსგავსი არჩევნების ჩატარება დემოკრატიის სიმწიფის ნიშანია, თუმცა, ბევრი რამ ისევ გასაკეთებელია:
„მაქვს თუ არა იმედი, რომ საქართველო ნატოს დაუახლოვდება? დიახ, რა თქმა უნდა, რადგან ნატოს სტანდარტების დაკმაყოფოლება არის იმ გზის ნაწილი, რომლითაც საქართველო ალიანსს უახლოვდება. მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასება, არამედ 28 წევრზე, მოკავშირეები მზად არიან მხარი დაუჭირონ ჩვენს ყოველწლიურ დასკვნას, რომელიც ახლახანს დავასრულეთ, მათ ძალიან კარგი საფუძველი ექნებათ საგარეო საქმეთა მინისტრ ფანჯიკიძესთან სასაუბროდ.
მოკავშირეებთან ამ საკითხზე საუბარი მქონდა და მსურს გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე პოზიტიური შეფასება საქართველოზე, რაც კი მინახავს. სულ სამი ან ოთხი ძირითადი ხაზია, რაც მნიშვნელოვანია მოკავშირეებისათვის, პირველი არის ევროპული და ევროატლანტიკური სტანდარტების მისაღწევად მუშაობის გაგრძელება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მალე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას მოახდენს, მეორე სამუშაო ხაზი კი ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილებაა. მესამე არის რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მუშობა, გვესმის, რომ ეს ორმხრივი პროცესია, თუმცა, საქართველო ყველაფერს ცდილობს ამისთვის. მეოთხე მიმართულება კი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელებაა. რა თქმა უნდა ქვეყნისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ საქართველომ ახალი პრეცედენტი შექმნა ამ არჩევნებით“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.