
ვინც პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას, აუცილებლად შეამჩნევდა ერთ დეტალს, რომელიც უკვე გახდა მითქმა-მოთქმის საფუძველი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის გასაცნობად მიცილებულმა პრეზიდენტმა მანამდე არც შტაბის უფროს ძნელაძეს, არც პირადი შემადგენლობის სხვა წევრებს სამხედრო სალამი არ მისცა - სამხედრო სალამზე ის მხოლოდ თავის დაკვრით პასუხობდა.
თუმცა, ერთ-ერთ დანაყოფთან, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ვიცე-პოლკოვნიკი მათიაშვილი ედგა თავში, მოვლენები საკმაოდ მოულოდნელად განვითარდა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სამხედრო საქმის ზედაპირულად მცოდნეებსაც კი:
პირდაპირ ეთერში კარგად გამოჩნდა, რომ გაერთიანებული სამხედრო შტაბის ვიცე-პოლკოვნიკმა მათიაშვილმა, მას შემდეგ, რაც მარგველაშვილის მოახლოებისთანავე მის უკან მდგარი პირადი შემადგენლობისთვის გასცა ბრძანება „სმენა!“ უმაღლეს მთავარსარდალს სამხედრო სალამი არ მისცა და პოზიციაზე „სმენა!“ ხელებჩამოშვებული დარჩა.
წესით და რიგით, მათიაშვილი მარგველაშვილსა და ძნელაძეს სამხედრო ყაიდაზე უნდა მისალმებოდა, ანუ, საფეთქელთან მიტანილი მარჯვენა ხელით: პრეზიდენტი ერთადერთი სამოქალაქო პირია, რომლის მიმართ სამხედრო მისალმების ვალდებულება აქვს ყველა სამხედრო პირს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მას (სამხედრო პირს) ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს და სამხედრო ფორმის თანმხლები ქუდი არ ახურავს.
ამასთან, პრეზიდენტს, როგორც სამოქალაქო პირს, აუცილებლად არ მოეთხოვება სამხედრო სალამი, მაშინ როცა იგივეს ვერ ვიტყვით სამხედრო პირზე, რომელიც, წოდებისა და თანამდებობის მიუხედავად, უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე წარდგომისას ვალდებულია, მას სამხედრო ყაიდაზე მიესალმოს. სხვათა შორის, ვიცე-პოლკოვნიკი მათიაშვილი ერთადერთი იყო ცერემონიაზე მყოფი სამხედრო დანაყოფების წინა პოზიციაზე მყოფი პირებიდან, ვინც ეს მოთხოვნა (სამხედრო მისალმების) დაარღვია.
რამ განაპირობა მათიაშვილის ეს ქცევა - იყო ეს პროტესტი, დაუდევრობა თუ, უბრალოდ, გულმავიწყობა, ჯერჯერობით უცნობია - თავდაცვის უწყებას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.