
მოგესალმებით, ბატონო პრემიერ მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მივესალმები უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, მივესალმები ძვირფასს სტუმრებს, მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, აფხაზებს, ოსებს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ჩვენს ყველა თანამემამულეს.
დღეს, თქვენს წინაშე ვდგევარ, აღჭურვილი უდიდესი პასუხისმგებლობით, დარწმუნებული საკუთარ ძალებში და თანამებრძოლებში და, რაც მთავარია, ჩვენს ხალხში.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს თანამოაზრეებს - მათ, ვის თანადგომასაც განუწყვეტლივ ვგრძნობდი წინასაარჩევნო პერიოდში. მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს და კოალიციის თითოეულ წევრს. მადლობას ვუხდი მთელ საზოგადოებას, ყველას, ვინც პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, გულწრფელად ცდილობს ემსახუროს სამშობლოს.
დღეს, ხალხის ნებამ გაიმარჯვა. ეს გამარჯვება გამოიხატება, დემოკრატიის პროცესის კონსოლიდაციაში. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებით ხელისუფლების ცვლილების პრეცენდენტის შექმნით, ჩვენ შევძელით სახელმწიფოებრივი განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლა.
დასრულდა პოსტსაბჭოთა პერიოდი და დაიწყო თანამდეროვე ტიპის დემოკრატიის მშენებლობა, რითაც ახალი ევროპული ტიპის პოლიტიკურ კულტურას დავუდეთ სათავე. ქართველი, თავისი ინდივიდუალური შეგნებით, ევროპელია. თავისი ბუნებით, დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილია.
მაგრამ ჩვენ, აქამდე ვერ ვახერხებდით, რომ ჩვენი ევროპელობა, სახელმწიფოებრივ ინსტიტუციურ განზომილებაში გადაგვეყვანა. შარშანდელი პირველი ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ შთამბეჭდავად პოლიტიკური პროცესებს დავუდეთ სათავე.
ერთი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა გაგვაერთიანა და ერთიანობით, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეუძლებელი ჩანდა. მშვიდობიანად, არჩევნებით, საფუძველი ჩავუყარეთ, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ პოლიტიკურ მომავალს.
ამის შემდეგ, ჩვენ არამხოლოდ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ სტაბილურობა ქვეყანაში, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სოციალური პროექტები, არამედ, მოვახერხეთ მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით არჩევნების ჩატარება.
ამ არჩევნებში ჩვენმა კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ბუნებრივია, ნებისმიერ საპრეზიდენტო არჩევნებში არის მხოლოდ ერთი გამარჯვებული, მაგრამ როგორც პორეზიდენტი, მე ვემსახურები თითოეულ თქვენთაგანს.
საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ერთნაირად ვიქნები უფლებათა დაცვის გარანტი, რა პოზიციებიც არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს არჩევნების დროს, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი - მშვიდობიანი, გაერთიანებული, დემოკრატიული, განვითარებული და ლაღი საქართველო.
ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი ხელისუფლება განუხრელად იზრუნებს დემოკრატიული ტყრადიციის დამკვიდრებისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის.
განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ეკონომიკურ წინსვლაზე, ხელისუფლების უმთავრეს მიზნად ჩვენ ვისახავთ თითოეული ადამიანის კეთილდღეობას და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას.
საქართველოს დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური აღმავლობა, ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედია. ეს გაგვიმარტივებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას და განაპირობებს ქვეყნის, როგორც სანდო საერთაშორისო პარტნიორად ჩამოყალიბებას.
აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ჩვენ ვთვაზობთ, ერთად ვაშენოთ ქვეყანა, რომელიც მისი ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის, ეთნიკური, კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი იქნება.
ჩვენი პრიორიტეტია, დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო , უსაფრთხო, ღირსეული დაბრუნება მათ საკუთარ სახლებში, მანამდე კი, მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა და უფლებათა დაცვა. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, სახელისუფლებო გუნდთან ერთდ, ვიღებ ამ პოლიტიკის განხორციელების პასუხისმგებლობას.
როგორც უმაღლესი მთვარსარდალი, ვაცხადებ, რომ ვიზრუნებ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. ჩვენ მუდამ მზად ვიქნებით, გარეშე საფრთხეების მოსაგერიებლად.
ამავდროულად, ნებისმიერი საერთაშორისო თუ შიდა პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტა ქვეყნის უცვლელი კურსია. როგორც სახელმწიფოს მეთაური, აქტიურად ვიმუშავებ საერთაშორისო ეკონომიკურ და პოლიტიკური პროექტების განსახორციელებლად, ხელს შევუწყობ საერთაშორისო არენაზე საქართელოს, როგორც სანდო პარტნიორის როლის დამკვიდრებას.
ასევე, ვიქნები დემოკრატიის პროცესის გაღრმავების ხელშემწყობი და საზოგადოების ყველა ფენის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი. ჩემი საგანგებო ზრუნვის საგანი იქნება იმ მოქალაქეთა ინტერესები, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება.
როგორც პრეზიდენტი, ვიქნები საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთნ საკონსტიტუციო შეთანხმების დაცვის გარანტი. ამავდროულად განუხრელად დავიცავ საქართელოში მცხოვრები ყველა აღმსარებლობის წარმომადგენელთა კონსტიტუციურ უფლებებს.
სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშენებლობის პროცესში ჩვენ მარტო არ ვართ. დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობდით მეგობარი ქვეყნების თანადგომას. ოკუპირებულ ტერიტორიათა არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკა საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები ეკონომიკური განვითარების რეგიონალურ პროექტებში მონაწილეობა სწორედ ამ ურთიერთობებს ეფუძნება.
საქართევლოს მოქალაქეთა სახელით, მადლობას ვუხდი მეგობარი ქვეყნების ხალხებს და მთავრობებს, ამ თანადგომისთვის. ჩვენი საერთაშორისო კავშირები განმტკიცდება და უფრო ქმედით სახეს მიიღებს. ევროკავშირთან დაახლოების და ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გარრმავების განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს საგარეო პოლიტიკაში.
ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით სერიოზულ პროგრესს მიაღწია. უახლოეს პერიოდში ვილნიუსის სამიტზე მოხდება ასოცირების ხელშეკრულოების პარაფირება. ჩვენი პრიორიტეტია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევძლოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით ხელმოწერა, რაც საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის შეუქცევადობის ინსტიტუციური დადასტურება იქნება.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სტაბილური განვითარების გრძელვადიან გარანტიას თვისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.
ეს, საბოლოოდ, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიიღწევა. საქართველო კვლავაც აგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შეიარაღბული ძალებით, რომელთაც საკუთარი პროფესიონალიზმით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის არამედ, გლობალური უსაფრთხოების დაცვაში, მათ შორის ავღანეთში აისაფის მისიაში მონაწილეობით.
მე, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელი დავიწყებას არასდროს მიეცემა. ჩვენი პრიორიტეტია აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობების სრულფასოვანი და ყოველმხრივი განვითარება.
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში და ასევე თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებში. მივმართავთ აშშ-ს და საქართელოს შორის თვისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების ინიცირებისათვის, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი სტრატეგიული კავშირების განმტკიცებას. საქართელოს აქვს ისტორიული მისია იქცეს ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის, დიალოგოისა და თანხმობის ადგილად.
ამიტომ, ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას მივანიჭებთ შავი და კასპიის ზღვების რეგიონების ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათთან ტრანსნაციონალური პროიექტების ხელშეწყობასა და რეგიონში მშვიდობასა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას.
დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკით საქართველომ უკვე შეიძინა კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის ფუნქცია. მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავება მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან.
მიუხედავად დღეისთვის არსებული გართულებული ვითარებისა, ჩვენ კვლავ ვაცხადებთ მზადყოფნას გავაღრმავოთ რუსეთთან დიალოგი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად საქართელოს ეროვნული ინტერესების საერთაშორისო აღიარებული საზღვრების და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენული პრინციპების სრული პატივისცემის გათვალისწინებით და ურთიერთნდობის საფუძველზე გადავჭრათ დღეს არსებული პრობლემები.
ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, როგორიცაა გაერო, ეუთო და ევროპის საბჭო. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებად რჩება ასევე ურთიერთობების გაღრმავება ახლო აღმოსავლეთის არაბული სამყაროს, აფრიკის, ლათინური ამერიკის, აზიის და ოკეანიის რეგიონებთან.
მეგობრებო, ურთულესი წლების შემდეგ, რაც ყველამ ერთად გამოვიარეთ, დადგა დრო, როცა უნდა დავიბრუნოთ ჩვენი იდენტობა. დიდი ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, „ჩვენ ვშვათ მყოობადი“.
დღეს ეს სიტყვები გვესმის მოწოდებად თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ გვაქვს უმთავრესი კაპიტალი, რომელსაც ახალი საქართველოს მშენებლობა დაეფუძნება. მე მჯერა, რომ ყველაზე უარესი წლები, უკან მოვიტოვეთ.
რომ ჩვენი ქვეყნის ოქროს ხანა ეკუთვნის არა მხოლოდ წარსულს , არამედ მომავალსაც. ეს ხედვა რეალურად ერთ დღეში ვერ იქცევა. მაგრამ მე ვხედავ საქართველოს , რომელიც მისი შვილებისათვის გადარჩენისთვის ბრძოლის, არამედ ღირსეული ყოფის, სიცოცხლით ტკბობის ნიჭიერების გაფურჩქვნისა და თვითრეალიზაციის სივრცეა.
მე ვხედავ ქვეყანას, რომელსაც მსოფლიო იცნობს არა პოლიტიკური კრიზისებით თუ ჰუმანიტარული პრობლემებით, არამედ მისი განსაცვიფრებელი სილამაზით, ცხოვრების სილაღით, და რაც მთავარია, მშრომელი შემოქმედი კეთილშობილი, სტუმართმოყვარე ხალხით.
მე ვხედავ ენერგიას, რომელმაც რუსთველს „ვეფხისტყაოსანი“ დააწერინა, რომელმაც ექვთიმე თაყაიშვილს თვგანწირვის ფასად წინაპართა საუნჯის დაცვის ძალა მისცა. ენერგიას, რომელმაც ფიროსმანს „შავი ლომი“ დაახატინა და ექიმ იოსებ ჟორდანიას, პატარა გოგონას გადასარჩენად სიცოცხლე დაათმობინა, ენერგიას, რომელმაც მტრის წინაშე ქედი არ მოახრევინა გიორგი ანწუხელიძეს.
მე ვხედავ იმ აღტაცების გამეორებას, რომელიც მოჰგვარა მსოფლიოს მცხეთის ჯვრის სიდიადემ, ქართული ანბანის უნიკალურობამ, ვაჟას პოეზიის სიღრმემ, „ჩაკრულოსა“ და „კრიმანჭულის“ საოცარმა ჰარმონიამ, ქართული მეცნიერული აზრის მასშტაბურობამ და აღფრთოვანების ღირსმა სპორტულმა სასწაულებმა.
ასეთ საქართველოზე ვოცნებობდი მთელი ჩემი ცხოვრება. ასეთ საქართველოს აშენებდნენ ამ ქვეყნის შვილები. უდიდესი პატივი და ტვირთია იყო საქართველოს პრეზიდენტი და დღეს, მე ღმერთს ვთხოვ, მომცეს ეს ძალა - ღირსეულად ვზიდო პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი დიდებული ქვეყნისა და ხალხის მსახურება მაკისრებს.