
ინაუგურაციის ღონისძიებისთვის აუცილებელი სამზადისი დასრულებულია. ყველაფერი თავის ადგილზეა. 12:00 საათიდან დაიწყება პარლამენტის ეზოს პირდაპირი ტრანსლირება, 13:00 საათზე კი უშუალოდ ინაუგურაციის ცერემონია.
საქართველოში დღეს, ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ეზოში, 13:00 საათზე დაიწყება. 45-წუთიანი ცერემონიის ბოლოს, ახლად არჩეული პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ფიცს დადებს, რის შემდეგაც საქართველოს მოსახლეობას და ინაუგურაციაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართავს.მარგველაშვილი 13:45 საათზე გმირთა მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც ყვავილებით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს. ამის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის სახელით სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" უცხოელი სტუმრებისთვის გაიმართება ლანჩი.
ახლად არჩეული პრეზიდენტი ლანჩის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციის წევრებთან "ქორთიარდ მარიოტში" შეხვედრებს გამართავს.მსგავსი შეხვედრები პარალელურ რეჟიმში დღესვე ექნებათ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვადასხვა მინისტრებს.შეხვედრების შემდეგ, 18:00-19:00 საათზე, ასევე დაგეგმილია რუსთაველის თეატრში გალა-კონცერტი, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი, როგორც საქართველოს ფიცდადებული პრეზიდენტი უმასპინძლებს და სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიიღებს ფართო საზოგადოებას.