
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სკანდალური წერილი ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარისადმი ბორდის წევრმა ნინო დანელიამ გამოაქვეყნა.
წერილში ტყემალაძე საკრებულოს თავმჯდომარეს „რაიონის უკეთ წარმოსაჩენად“ და „მილიონობით მაყურებლისთვის გასაცნობად“ გადაცემისთვის „ლიხს იქით და ლიხს აქეთ“ ფინანსურ დახმარებას, კერძოდ კი გადამღები ჯგუფის ტრანსპორტირებისა და დაბინავების ხარჯების გაწევას სთხოვს.
ფინანსური დახმარების გარდა, ტყემალაძე გადაცემის ორგანიზებისთვის ადგილზე უფლებამოსილი პირის გამოყოფასაც ითხოვს. როგორც მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, ეს არ იყო ოფიციალური წერილი და მან დახმარება „მეგობრულად“ ითხოვა.
ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს თამაზ ტყემალაძეს უფლებამოსილებას გადაჭარბებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„გვსურს შევახსენოთ თამაზ ტყემალაძეს და მაუწყებლის მენეჯმენტს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 66-ე მუხლით აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. ტყემალაძემ აღნიშნული წერილით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და მუნიციპალიტეტს, ფაქტობრივად, კანონის დარღვევისკენ მოუწოდა.
მოვუწოდებთ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს თავი შეიკავოს მსგავსი სახის ქმედებებისგან და საკუთარი ძალისხმევა მაუწყებლის ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად კანონიერ ხერხებს მიმართოს", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.