
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საოკუპაციო ზოლი მოხსენიებულია, როგორც "გამყოფი ხაზი".
ამის დამადასტურებელი ფოტო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა გამოაქვეყნა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ დადგენილების შესახებ მისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.
ჩიორა თაქთაქიშვილი წერს, რომ ახალი მთავრობა ისტერიულად გაურბის სიტყვა "ოკუპაციის" ხსენებას. მისი თქმით, ამაზე პასუხს ყველა მინისტრი აგებს და არა მხოლოდ პაატა ზაქარეიშვილი, რომლის დამოკიდებულება სიტყვისადმი "ოკუპაცია" საყოველთაოდ ცნობილია.
"ისედაც ყველაფერი დღესავით ნათელია...! როცა პრემიერი (ივანიშვილი), მინისტრი ზაქარეიშვილი, არჩეული ,,პრეზიდენტი” მარგველაშვილი და საპარლამენტო ,,უმრავლესობის” უმრავლესობა...!!! საერთოდ გაურბიან და, სიკვდილივით ეშინიათ სიტყვა ო კ უ პ ა ც ი ი ს ხსენების...
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ოკუპაციას დღევანდელი ხელისუფლება არ აღიარებს? ამას აშკარად ვერ ამბობენ მაგრამ, ვერც ფარავენ თუმცა, დაფარვის მცდელობა აქვთ ნამდვილად. კარასინმაც ,,დაუფასა” მარგველაშვილს განცხადება, ამ ეტაპზე კომპლიმენტით შემოიფარგლა თუმცა, მიანიშნა რომ ,,მათი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა...!”
ეს ლიტონი სიტყვები აღარაა, კრემლი აშკარად აღფრთოვანებულია ახალი ხელისუფლების კურსით მაგრამ...! დარწმუნებული ვარ, ეს ,,კურსი” ბუმერანგის პრინციპის მატარებელია და, ადრე თუ გვიან ისეთი სიმკაცრით დაუბრუნდება უკან ხელისუფლებას რომ, შეიძლება ვეღარც კი გაასწრონ ქვეყნიდან თუ გონს არ მოეგებიან რადგან, ქართველი ერი აღარ შეეგუება კვლავ მონობის უღელის დადგმას და, ადრე თუ გვიან გამოფხიზლდება ამ საღათას ძილისგან...!!!!", – აღნიშნავს ჩიორა თაქთაქიშვილი.