-
2013-11-12 22:24
„ეკლესია მთლიანად ემიჯნება „იდენტობის“ მოქმედებასა და მის მსოფლმხედველობას“, - განაცხადა მამა ალექსანდრე გალდავამ tv3-ის გადაცემაში „დიდი პოლიტიკა“.
მამა ალექსანდრეს განცხადებით, ეკლესია ჰომოსექსუალიზმს, როგორც ნორმას ვერასდროს ვერ მიიღებს:
„მთლიანად ემიჯნება ეკლესია „იდენტობის“ მოქმედებას და მსოფლმხედველობას და იმ გავლენას, რომლის მოხვევაც მათ სურთ. ტექნოლოგიები რომლის საშუალებითაც ესა თუ ის იდეა უნდა დაინერგოს საზოგადოებაში, ეს არის ერთ-ერთი პიარ აქცია მათი მხრიდან, რათა კარგი კუთხით წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ის, რომ ეკლესია არ აღიარებს და არ მიიღებს არასდროს ჰომოსექსუალიზმს, როგორც ნორმას, ეს არის ერთმნიშსვნელოვანი. ეს არის ფასეულობა, რომლის იქით ეკლესია არ წავა, ამიტომაც ადამიანებს, რომლებსაც კეთილი საქმის გაკეთება სურთ, გააკეთონ, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა აქვს თუ ვისი ეგიდით აკეთებ ამას. უსახლკაროთა თავშესაფარს ემსახურება მთლიანად ქართული ეკლესია, უამარავია ზღვარზე, უამრავია წარსული ხელისუფლებისგან დაჩაგრული და ეკლესია მათ სულ ეხმარება. თუ ხალხს მათი დახმარების სურვილი აქვს, მერწმუნეთ, რომ ეკლესიაზე უკეთესად ამას „იდენტობა“ ვერ გააკეთებს“, - განაცხადა მამა ალექსანდრემ.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ გაკეთებული ქველმოქმედება „ქურქში გადაცმულ მგელს ჰგავს“:
„ამ ხალხმა გამოიღვიძა და დაინახა, რომ თურმე სიკეთის გაკეთება შეიძლება. ეს დღეს გაიგეს და თავზე მოგვახვიეს თავიანთი საქმე, ამას ყოველდღე აკეთებს ეკლესია. ამას ჩვენ ვემსახურებით. საპატრიარქო ემიჯნება ამ მოძრაობას და აღიარებს, რომ ეს არის ცუდი საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ნარკომანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ნარკოტიკი არის ნორმა. სიკეთე კარგია, ამისთვის „იდენტობა“ საჭირო არ არის. მათ სურთ, რომ დაანახონ საზოგადოებას რომ ისინი კარგები არიან, ეს არის ქურქში გახვეული მგელი“, - აღნიშნა მამა ალექსანდრემ.