-
2013-11-12 13:05
გალის რაიონში აფხაზური პასპორტების შემოწმება დე ფაქტო ხელისუფლებამ შეაჩერა.
დე ფაქტო ხელისუფლებამ სხვა ზომებსაც მიმართა და ადგილობრივ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ის დათხოვილი ბავშვები აღადგინეს, რომლებიც მანამდე იმის გამო გარიცხეს, რომ მათი დაბადების მოწმობა საქართველოს კონტროლირებად ნაწილში იყო გაცემული. - ამის შესახებ დღევანდელ ნომერში გაზეთი "რეზონანსი" წერს.
„აფხაზური პასპორტების შემოწმება დროებით არის შეჩერებული, რადგან დიდი განგაში მოყვა ამ თემას. განხეთქილებაა თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რადგან ამ საკითხზე (მათ შორის) არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა“, - უთხრა „რეზონანსს“ გალის რაიონის ერთ-ერთმა მცხოვრებმა. გალის რაიონში აფხაზური პასპორტების შემოწმება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, რასაც წინ აფხაზური პასპორტიზაციის შეწყვეტა უსწრებდა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო ძალოვნები „ყალბი პასპორტების“ ამოღებას აპირებდნენ. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ აქცენტი კეთდებოდა იმაზე, თუ ვინ არის გალის მუდმივი მცხოვრები, რადგან, როგორც გალელებმა ამბობენ, აფხაზური პასპორტის აღება ზოგიერთმა ზუგდიდელმა და თბილისელმაც მოახერხა.
სულ 25 ათასი აფხაზური პასპორტია გაცემული. აფხაზურ პასპორტებს, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში მუშაობის სავალდებულო პირობაა, უმოწმებდნენ გალში არსებულ ყველა ორგანიზაცია-დაწესებულებაში მომუშავე ქართველებს. აფხაზური პასპორტების შემოწმება ახლახან შეჩერდა.
ეს უკანასკნელი სეპარატისტული ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს უკავშირდება. როგორც ჩანს, გალელების მიმართ მკაცრი და შედარებით „რბილი“ მიდგომის მომხრეთა შორის დაპირისპირებაში, „ზომიერებმა“ გაიმარჯვეს, რასაც დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების მდივნის სატანისლავ ლაკობას თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა, რომელიც გალელ ქართველებზე აფხაზური პასპორტების გაცემის მოწინააღმდეგე იყო. შეგახსენებთ, რომ „პრეზიდენტმა“ ალექსანდრე ანქვაბმა ლაკობას შემცვლელად ნუგზარ აშუბა დანიშნა.