-
2013-11-08 14:17
საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იქნება. ფარცხალაძე ამ დროისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელია.
შეთავაზება ფარცხალაძემ უშუალოდ მომავალი პრემიერმინისტრისგან უკვე მიიღო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი 40 წლისაა, თანამდებობაზე ყოფნის პარალელურად ის შპს "ბოდი გარდის" თანაპარტნიორიც იყო, რომელიც თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე 45-ში ფიქსირდება.
შპს "ბოდი გარდი" 2004 წლის 15 აპრილს არის დარეგისტრირებული. გარდა ამისა, ოთარ ფარცხალაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსად მუშაობის პარალელურად, შპს "ბოდი გარდის" პარტნიორიც იყო. ჰყავს მეუღლე ქეთევან ცქვიტინიძე და 13 წლის შვილი დავით ფარცხალაძე.
ფარცხალაძის წარდგენაზე კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, ფარცხალაძეს ეყოლება ძალიან ეფექტური გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ახალგაზრდებით და გამოცდილი პროკურორებით. "მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ძალიან ეფექტური პროკურორი იქნება", -განაცხადა ღარიბაშვილმა საგურამოში და დაამატა, რომ მას უკვე შერჩეული ჰყავს მომავალი შს მინისტრიც, თუმცა, ამ ეტაპზე მის ვინაობას არ დაასახელებს.