
მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის დროსაც.
როგორც მან თქვა, ყოფილი ქმრისგან ძალადობის ამბავს ახლა ყვება იმიტომ, რომ აღარ ეშინია და უნდა, ძალადობის მსხვერპლ სხვა ქალებს მაგალითი მისცეს.
ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი, ნანა ბუთხუზი.
აგრეთვე რუსთველის თეატრის მსახიობმა, თამთა ინაშვილმა გამოუცხადა კოლეგას, ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობა და თქვა, რომ არ აპირებს მის ყოფილ ქმართან, ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე დგომას.
რუსთველის თეატრმა, რომლის დასშიც ზანგური ირიცხება, განაცხადა, რომ ძალადობას გმობს, მაგრამ მსახიობის გათავისუფლებას არ აპირებს.
ბესო ზანგურს მხარდაჭერა ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ გამოუცხადა და თქვა, რომ "ქალებმა დაიწყეს 1937 წლის რეპრესიები".
რაც შეეხება, მსახიობ და რეჟისორ დათა თავაძეს, იგი კოლეგას, ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და წერს, რომ დღევანდელი რუსთაველის თეატრი "საპყრობილეა", სადაც მოძალადეებს ხელს აფარებენ.