
ბრძოლას გავაგრძელებთ, არავის შევარჩენთ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვის ვადით ციხეში გაშვებას, - ამის შესახებ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ლუკა კალანდიას განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ არის და წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.
"მაინტერესებს, რითი დაასაბუთებენ ამ გადაწყვეტილებას ეს მოსამართლეები, რომელთაც პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ ობიექტურად მოაზროვნე მოსამართლეები არიან. არაერთხელ მითქვამს, რომ საქმეში არ დევს არაფერი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ. როცა მოსამართლე იმ მტკიცებულებების შემდეგ, რაც საქმეში დევს, უტიფრად ამბობს, რომ 20 წლის ბიჭი 11 წლით და 3 თვით ციხეში უნდა გაუშვას, სარკაზმია. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, არავინ არ ვაპირებთ დანენებას და გაჩერებას, არავის არ შევარჩენთ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით ციხეში გაშვებას, რადგან უდანაშაულო ადამიანის ადგილი ციხეში არ არის. არჩევნები მოდის და არავის არ ჭირდება ზედმეტი ხმაური და გაუგებრობა წინაპოლიტიკურ სცენაზე. ეს განაჩენი მოსალოდნელიც იყო", - განაცხადა ლუკა კალანდიამ.
სააპელაციო სასამართლომ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.