-
2013-06-07 18:04
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"სამხრეთ-დასავლეთ რეგიონალური სარდლობის ხელმძღვანელთან, გენერალ-მაიორ უოლტერ მილერთან ერთად, თავდაცვის მინისტრმა დაჭრილი სამხედროები მოინახულა. ირაკლი ალასანიამ ქართველ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი მკურნალი ექიმებისგან პირადად მიიღო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაჭრილ სამხედროებს გაესაუბრა. მან ჯარისკაცებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა",აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
6 ივნისს ავღანეთში შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 9 კი დაიჭრა.
ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. გარდაცვლილები არიან: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი.