-
2016-05-21 16:28
აშშ-ის საელჩო, ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობას განცხადებით ეხმაურება და მომხდარს გმობს. საელჩოს განცხადებას "ტაბულა" აქვეყნებს.
"შეერთებული შტატები გმობს უიარაღო მამაკაცის სასიკვდილოდ დაჭრას სოფელ ხურჩაში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან ახლოს. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მყისვე დაიწყონ საფუძვლიანი და დროული გამოძიება, რათა ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები წარდგნენ სამართლის წინაშე.
ეს ინციდენტი წარმოაჩენს საჭიროებას, სასწრაფოდ განახლდეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, აგრეთვე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მიღებულ იქნას საერთაშორისო უსაფრთხოების ზომები.
შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს სურვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მკვლელობა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამყოფ ზოლზე, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 19 მაისს მოხდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 33 წლის გიგა ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.