-
2013-06-06 10:58
რუსეთის მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე არ განხილულა.
ამ საკითხზე საუბარი მოსკოვის წარმომადგენელმა არ ისურვა. აღნიშნული საკითხი ივნისის ბოლოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში განიხილება. ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში ცოტა ხნის წინ დასრულდა:
"დავადასტურე ის პოზიცია რაც უკვე მოგახსენეთ, რომ ვართ ღრმად შეშფოთებული იმასთან დაკავშირებით რაც ხდება საოკუპაციო ზოლზე, რომ ეს იწვევს უაღრესად სერიოზულ ჰუმანიტარულ პრობლემებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, მთლიანად საქართველოში ძალიან უარყოფითად აღიქმება ეს ყველაფერი და ზოგადად ქმნის უარყოფით ფონს ჩვენი დიალოგისათვის. მან განაცხადა, რომ ამ საკითხს შეისწავლიან და ჟენევის მოლაპარაკებებზე იქნება განხილული უფრო დეტლურად. რუსეთის მხარის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის, სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნათესაური, პროფესიული და საქმიანი კავშირების ხელშეწყობის მიზნით. დავადასტურეთ ჩვენი პოზიცია 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეხვედრის დასრულებისთანავე რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი პოზიტიურად აფასებს მსგავსი ფორმატის მოლაპარაკებებს.