
არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ტურიზმის საერთაშორისო ცენტრმა“ ქობულეთში, საერთაშორისო სემინარი გამართა. სემინარი მდგრადი სოფლის ტურიზმის განვითარებასა და გარემოზე ნეგატიური თუ პოზიტიური ზემოქმედების ფაქტორებს ეხებოდა.
საერთაშორისო სემინარზე მოწვეულნი იყვნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები შავი ზღვის აუზისა და ბალკანეთის ქვეყნებიდან. კონფერენციაზე სწორედ მათ წაიკითხეს მოხსენებები.
სემინარში მონაწილეობდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგელობაც.ღონისძიება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მოეწყო, რაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებში სოფლისა და ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული.
პროექტის ფარგლებში ქართველი და უცხოელი სტუმრები აჭარაში- ქობულეთში იმყოფებოდნენ. საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ გასაცნობად, სტუმრები ბახმაროსაც ესტუმრნენ.
კავკასიის ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი 2007 წლის მარტიდან არსებობს, ორგანიზაცია იმავე წლის აგვისტოს თქვეში სასოფლო ტურიზმის საერთაშორისო ასოციაციის სერთიფიცირებული წევრი გახდა და სამ წელიწადში ერთხელ მონაწილეობს გენერალურ ასამბლეაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სასოფლო ტურიზმის ექსპერტი და ამ ასოციაციის ტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინატორი მარინა მეტრეველია, როგორც თავად აცხადებს, მათი მთავარი მიზანია, საქართველოს ტურისტული პოტენციალი სხვა ქვეყნებისთვისაც გახდეს ცნობილი. სოფლის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი კი სოფლის მოსახლეობის მომზადებაა, რათა მათ შეძლონ ტურისტებს მაღალი სტანდარტებით უმასპინძლონ.
შესაბამისად, ორგანიზაცია ფოკუსირებულია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში სოფლად მცხოვრებთა გათვითცნობიერებაზე. მათი პროექტები კი ითვალისწინებს ოჯახებისა და ფერმერების ნებაყოფლობით ჩართვას სასოფლო ტურიზმში. ორგანზაციის წარმომადგენლებმა ამ მიმართულბით უკვე არაერთი ტრენინგი გამართეს. ქართველი და უცხოელი სტუმრების სემინარები კი ქობულეთში გუშინ დასრულდა.