შსს-მ თბილისში მომხდარი რიტუალური მკვლელობის დეტალები გაასაჯაროვა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 18 წლის გოგონა ორ მეგობართან ერთად მკვლელობაშია ბრალდებული: გამოძიების ვერსიით, მან დედამისი ელექტროშოკით გათიშა, შემდეგ კი ახალგაზრდებმა ქალი გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს.
გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს, ჩანთებში გადაიტანეს, ნაგავსაყრელზე წაიღეს, ბენზინი გადაასხეს და თხრილში დაწვეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს მოხდა მკვლელობის, გვამის დანაწევრებისა და დაწვის ადგილების დათვალიერება, საიდანაც ამოიღეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა არაერთი და მათ შორის, გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზა, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები და სხვა.
სამართალდამცველების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული გვამის ფრაგმენტები ეკუთვნის გარდაცვლილ ლუბა ყ.-ს, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს მიერ, ოჯახის წევრის განაცხადის საფუძველზე, 2016 წლის 19 ოქტომბრიდან იძებნებოდა, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული.
გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა. აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი – ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.