-
2016-11-08 20:18
რუსი სამართალდამცველები ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის, იგივე "მერაბ სუხუმსკის" ქვეყანაში შესაძლო დაბრუნების პრევენციას ცდილობენ და ამ მიზნით იტალიშიც ჩავიდნენ, სადაც კრიმინალური სამყაროს ლიდერს რუსეთში შესვლის აკრძალვის შემცველი დადგენილება გადასცეს. ამის შესახებ ინტერფაქსი წერს.
მერაბ ჯანგველაძე იტალიის ქალაქ ბარიში, შინაპატიმრობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც ყაზახეთის მთავრობამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად მისი იტალიიდან ექსტრადირება მოითხოვა. სასამართლოს დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ამასთან, პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სამყაროში მიჩნეულია, რომ სწორედ მერაბ ჯანგველაძეა "ქურდული კასტის" უგვირგვინო მეფე იმ მოცემულობაში, რომ "იაპონჩიკი" გარდაცვლილია, "დედ ჰასანი" მოკლული, ხოლო შაქრო კალაშოვი პატიმრობაში რჩება.
ეთნიკურად ქართველი "კანონიერი ქურდის" ადვოკატები ყაზახეთის მოთხოვნის იგნორირებას ითხოვენ იმ მოტივით, რომ ჯანგველაძე რუსეთის მოქალაქეა და იტალიას არა აქვს უფლება, ის ყაზახეთს გადასცეს, თუმცა, რუსეთის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ წარადგინეს დოკუმენტური მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მერაბ ჯანგველაძეს რუსეთის პასპორტი უკანონოდ აქვს მოპოვებული. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ჯანგველიძის ექსტრადირება ყაზახეთში გარდაუვალი გახდება, მით უმეტეს, რომ რუსეთის ძალოვან წრეებში სწორედ ამ ვარიანტს ლობირებენ და ყველაფრის გაკეთებას ცდილობენ, რათა ქვეყანაში მერაბ ჯანგველაძის შემოსვლა არ დაუშვან.
გავრცელებული ვერსიით, ჯანგველაძე შურისმაძიებელ კრიმინალურ ლიდერადაა მიჩნეული და მის დაბრუნებას რუსეთში, შესაძლოა, კრიმინალური გავლენების ხელახლა გადანაწილებისთვის სისხლიანი დაპირისპირებები მოჰყვეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ "მერაბ სუხუმსკი" "დედ ჰასანის" მოწინააღმდეგე ბანაკის ლიდერადაა მიჩნეული და მისი მკვლელობის ორგანიზატორადაც მოიაზრება.