-
2014-02-17 18:59
სახალხო კრების წევრი ლაშა ამირეჯიბი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის მიერ ჩატარებული ოპერატიული თათბირის დეტალებზე საუბრობს:
“გიორგი ზედელაშვილის მიერ ჩატარებული თათბირის მთავარი საკითხი გახლდათ ჟურნალისტების დამუსავება, ე.წ. “რაზრაბოტკაზე”დაყენება. მინისტრის პირველი მოადგილე თვლის რომ იმ ჟურნალისტებზე რომლებიც არ თანამშრომლობენ მის უწყებასთან ანუ სუსთან, უნდა მოხდეს სისტემატური თვალთვალი და მუდმივი ფარული მიყურადება.
მოგეხსენებათ ამ პროცედურებისთვის საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება და საინტერესოა, რა მოტივაციით მიმართავს ზედელაშვილის უწყება სასამართლოს,რომ ჟურნალისტებზე თვალთვალი დაიწყონ (დასახელებულია, რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტის, მათ შორის გაზეთის რედაქტორის გვარიც ).
ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა და მინდა მივმართო ქვეყნის პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საკითი. ჩემი ბოლო რჩევა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი ზედელაშვილს: გირჩევთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნოთ და ჟურნალისტებზე ნადირობას თავი დაანებოთ”,-განუცხადა “პრაიმერს” ლაშა ამირეჯიბმა, ხოლო „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში განაცხადა:
„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რომელ ჟურნალისტებზეა საუბარი, რამდენიმე ჟურნალისტის ვინაობა ჩემთვის ცნობილია, რამდენიმეს უახლოეს დღეებში ველოდები. მე მსურს ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში არსებობს რამდენიმე სპეცსამსახური, რომლებიც ერთმანეთსაც კი უსმენენ.
ზედელაშვილს კი ვეტყოდი, რომ მისი თითოეული თათბირი ისმინება და ინფორმაცია გარეთ გამოდის, საზოგადოება ყველაფერს იგებს და ძალიან კარგია ასეც რომ ხდება, ამიტომ, სჯობს მსგავსი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს, ვიდრე ჟურნალისტების მოსმენაზე. რაც შეეხება მოსმენებს, ამისთვის აუცილებელია სასამართლოს ნებართვა“, - განაცხადა ამირეჯიბმა. „აფხაზეთის ხმის“ კითხვაზე, დაწყებულია თუ არა ეს პროცესი სასამართლოს ნებართვის გარეშე, ანუ უკანონოდ, ამირეჯიბმა განაცხადა: „როგორ ფიქრობთ თუ ვინმეს მოსმენის წარმოება სურს, ის დაელოდება ან შეაწუხებს ამისათვის მოსამართლეს?“.