-
2014-02-17 18:24
მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომლებმა 14 თებერვალს ქართველი „კანონიერი ქურდი“ აიყვანეს. 30 წლის მირო ამადიანი, იგივე „მირონი“ ნოვორიაზანსკის გზატკეცილზე დააპატიმრეს.
როგორც მოსკოვის პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებისას ამადიანმა სხვა პიროვნებაზე გაცემული პასპორტი წარმოადგინა.
სამართალდამცველთა ვერსიით, „მირონი“ არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვის რეგიონში და ცდილობდა, თავისი კონტროლისთვის დაექვემდებარებინა ჯგუფები, რომლებიც ქურდობაზე არიან სპეციალიზებულნი.
„მიროს“ მიმართ სისიხლის სამართლის საქმე ამ დაკავების შემდეგ არ აღძრულა – მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ედავებიან, რაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაყალბებაში გამოიხატება. მოსკოვის პოლიცია განიხილავს „კანონიერი ქურდის“ საქართველოში დეპორტაციის საკითხს.
მირო ამადიანი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, აწ გარდაცვლილი ასლან უსოიანის, იგივე „დედ ჰასანის“ დისშვილია. ის „დედ ჰასანის“ მთავარ მემკვიდრედ ითვლება. უსოიანის კიდევ ერთი დისშვილი თემურ მირზოევი, იგივე „თემურ სვერდლოვსკი“ 2013 წელს ეკატერინბურგში, მის მიერვე მოწყობილი კრიმინალური თავყრილობის დროს დააკავეს.