-
2014-02-17 11:23
საქართველოს ექსპრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი გაზეთ „პრემიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის არ ნანობს პროცესებში მონაწილეობას, მზადაა იყოს საპატიმროში და რომ სააკაშვილმა ის ნაბიჯი გადადგა, რაც უნდა გადაედგა.
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიზანი იყო, ეს ქვეყანა მისი პირადი საკუთრება გამხდარიყო და ამას მიაღწია კიდეც, თუმცა, დროებით.
ინტერვიუში ვანო მერაბიშვილი „უსაფუძვლო ჭორებს“ უწოდებს მასსა და ახალაიებს შორის დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ვერსიებს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის აშშ–ში წასვლის შესახებ ამბობს, რომ მან სწორედ ის ნაბიჯი გადადგა, რაც უნდა გადაედგა.
მერაბიშვილის თქმით, სააკაშვილს შეუძლია, პოლიტიკაში დაბრუნებიდან სამ თვეში დაამარცხოს ივანიშვილის ხელისუფლება და ეს კარგად იცის თავად ივანიშვილმა:
„დღეს უკვე შეგვიძლია, ეს პირდაპირ და მოკლედ ვთქვათ - ივანიშვილს უნდოდა, რომ ეს ქვეყანა მისი პირადი საკუთრება გამხდარიყო. უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეულწილად მან ამ მიზანს მიაღწია. თუმცა, საქართველო მუდმივად ვერ იქნება უბრალო ქონება ან აქცია, რომელიც ერთი ადამიანის საკუთრებაში დარჩება. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, რომ ქვეყანა გრძელვადიანად ერთი კაცის საკუთრება ყოფილიყოს. ეს შეუძლებელია, მით უმეტეს თანამედროვე გლობალურ მსოფლიოში“;
„მიხეილ სააკაშვილმა გადადგა ის ნაბიჯი, რაც უნდა გადაედგა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი პოლიტიკური კარიერა არ არის დასრულებული. სააკაშვილი კიდევ ითამაშებს გადამწყვეტ როლს საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის.
მიხეილ სააკაშვილი როდესაც დაბრუნდება საქართველოში, 3 თვეში შეძლებს ამ ხელისუფლების დამარცხებას. ეს ამბავი იცის ივანიშვილმაც და ამიტომ ამ ხელისუფლების ყოველდღიური მიზანი “ნაციონალური მოძრაობის” ინფრასტრუქტურის სრული განადგურებაა. არ არსებობს “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებული არც ერთი ინიციატივა, განცხადება თუ ქმედება, რომელიც მიმართული არ იქნება ერთადერთი ოპონენტის წინააღმდეგ.“;
„მე არ ვნანობ, რომ პროცესებში ვმონაწილეობდი. მზად ვარ, ვიყო პატიმრობაში. იმ დროს, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შეუნიღბავი დევნა მიმდინარეობს, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მე მეკისრება და მზად ვარ, ვაგო პასუხი. თუმცა ვთვლი, რომ ჩემი პატიმრობა უსამართლოა. რაც არ უნდა განსხვავებული შეხედულებები არსებობდეს ჩემი და “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ, მიმაჩნია, რომ მე არ ვარ ყველაზე უარესი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ისტორიაში. ამავე დროს მე ვარ ერთადერთი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც სასჯელს საპატიმროში იხდის“, – ამბობს გაზეთ „პრემიერთან“ საუბარში ვანო მერაბიშვილი.