-
2014-02-15 23:55
ახალგაზრდა პატიმარი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითდაზიანების მიზნით ბოთლის ნატეხები გადაყლაპა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მისი მდომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ღუდუშაურის კლინიკის მედპერსონალთან დაახლოებულმა, კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. წყარო ვერ აკონკრეტებს, სასჯელაღსრულების რომელი დაწესებულებიდანაა გადმოყვანილი პატიმარი და რა გახდა მისი მხრიდან ამ სახის თვითდაზიანების მიზეზი:
„რეანიმაციის განყოფილებაში ნიღბიანი, შეიარაღებული სპეცრაზმელები მორიგეობენ და ცხადია, პაციენტთან არავის უშვებენ. ექიმებისგან ვიცი, რომ პატიმარი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, წვერმოშვებულია და მარჯვენა მკლავი ტატუირებული აქვს
– ამბობენ, რომ იმდენი ბოთლის ნატეხი აქვს გადაყლაპული, მისი გადარჩენა სათუოაო. არ ვიცი, რომელი დაწესებულებიდან მიიყვანეს ღუდუშაურში“, – ამბობს „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
„აფხაზეთის ხმა“ ღუდუშაურის სახელობის კლინიკას დაუკავშირდა და დაინტერესდა, შეიყვანეს თუ არა კლინიკაში გუშინ დაზიანებული პატიმარი, თუმცა, სამორიგეო ნაწილში განაცხადეს, რომ პაციენტის ვინაობის დასახელების გარეშე ინფორმაციას ვერ გასცემენ.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია