
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გუშინდელ სატელევიზიო გადაცემა "რეაქციას" გამოეხმაურა, მოგვიანებით კი ქარტიას თავად ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა უპასუხა.
ეთიკის ქარტიის განცხადებით, გადაცემაში არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არაკეთილსინდისიერად იყო გამოყენებული:
"ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი და მისი ჯამრთელობის რთული მდგომარეობა გადაცემაში გამოყენებული იყო არაკეთილსინდისიერად. მაუწყებლთა ქცევის კოდექსის 44-ე მუხლი ავალდებულებს მაუწყებელს არასწულწლოვანთა დაცვას, კერძოდ:
არასრულწლოვანის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად", - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
ქარტიას განცხადებაზე განცხადება „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა ინგა გრიგოლიამ. ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ მას ეთიკის ნორმები არ დაურღვევია, რადგან ბავშვის მამა ეთერში იჯდა და ამასთან, მისთვის, როგორც ჟურნალისტისთვის და ადამიანისთვის ბავშვის გადარცენა იყო მთავარი საზრუნავი:
"რას იტყვის ქარტია, ეს მათი საქმეა, ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვი რომლის ჯანმრთელობაც და სიცოცხლე არის ძალიან დიდი რისკის ქვეშ, გადარჩეს და რამენაირად სახელმწიფო ან კერძო სექტორი დაეხმაროს ამ ბავშვს. ვიტყვი ერთს, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ბავშვს მამა ეჯდა გვერდით, თავად მისი და ბავშვის სურვილი იყო, რომ მე მისთვის მიკროფონი მიმეცა და ბავშვს ესაუბრა პირდაპირ ეთერში. ასე რომ, ხელოვნურად არავის არაფერი გამოუყენებია, ხოლო რაც შეეხება ქარტიის ამ განცხადებას, მე ვიტყოდი ერთს, რომ უპრიანი იქნებოდა მათ იმაზე ჰქონოდათ რეაქცია, რომ როდესაც გადაცემის შემდეგ "იმედის" ოპერატორს ურტყამდა ვიღაც, გაუგებარი ადამიანი, ვიდრე იმაზე, მე დავარღვიე თუ არა ჟურნალისტური ეთიკა.
მე ის არანიირად არ დამირღვევია, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რას იტყვის ქარტია, ეს არის მათი საქმე, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის რეაქცია, რასაც მე ვხედავ გუშინდელი გადაცემის შემდეგ, მირეკავს უამრავი ადამიანი, მთხოვენ ამ ბავშვის ანგარიშის ნომერს და საზოგადოების დიდი ნაწილი არის გააქტიურებული, რომ ეს ბავშვი გადარჩეს", - წერს ინგა გრიგოლია.