-
2014-02-14 14:52
„ჯეოსელის“ დირექტორი კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „აფხაზეთის ხმა“ პასი კოისტინენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენ ვადასტურებთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შემოსვლას კომპანიაში. ამჟამად "ჯეოსელში" მიმდინარეობს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის ამოღებას. აქვე დავძენთ, რომ ჩვენთვის, სამწუხაროდ, დღემდე უცნობია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
ჩვენ ვართ საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოქმედებს გამჭვირვალე და პასუხისმგებლობით აღსავსე ეთიკური ბიზნეს პრაქტიკით. არ გვაქვს არანაირი მიზეზი, თავი ავარიდოთ გადასახადებსა თუ სხვა ვალდებულებებს. "ჯეოსელი" საქართველოში გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. მისი არსებობის მანძილზე კომპანიის ყველა საქმიანობა/ოპერაცია აღრიცხული და დოკუმენტირებულია მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიების მიერ.
"ჯეოსელი" გადადგამს ყველა სამართლებრივ ნაბიჯს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მისი კანონიერი ინტერესები. ვიზრუნებთ, რომ გამოძიების პროცესი წარიმართოს სრულყოფილად, საზოგადოებისთვის გამჭირვალედ, რომლის საბოლოო მიზანი იქნება სისხლის სამართლის საქმის დაწყების რეალური ფაქტობრივი საფუძვლების დადგენა", - ნათქვამია განცხადებაში.