-
2014-02-11 23:11
ირაკლი ღარიბაშვილი 2014 წელს საქართველოსთვის ეკონომიკურ ბუმს ვარაუდობს, ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ ისაუბრა:
„ევროკავშირის მიერ ფინანსურ დაფინანსებასთან დაკავშირებით უპრიანი იქნება, თუ კომენტარს საქართველოს მთავრობა გააკეთებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთობლივი ინიციატივით ივნისის თვეში იგეგმება ევროკავშირის ადა საქართველოს ერთობლივი საინვესტიციო კონფერენცია ბრიუსელში, სადაც პოტენციური ინვესტორები იქნებიან მოწვეულნი.
მე ასევე შეხვედრები მქონდა გერმანული ინდუსტრიის გაერთიანების ფედერაციასთან, შემოთავაზება იყო, რომ ბიზნეს ფორუმი ჩატარდეს გერმანიაში. ისრაელშიც წარმატებული შეხვედრები მქონდა.
ჩვენ ვგეგმავთ ერთობლივ ქართულ-ებრაულ ბიზნესფორუმს, მათ სხვადასხვა გეგმები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში. მე ველოდები ინვესტიციების ბუმს. ველით დიდ და ძალიან ბევრ ინვესტიციებს საქართველოში. საქართველოში წარმატებულად დაიწყო მუშაობა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილმა თანაინვესტირების ფონდმაც.
ძალიან პოზიტიური წელი გვექნება. დავოსში მქონდა საინტერესო შეხვედრები, მოლაპარაკებები გვაქვს დაწყებული სხვადასხვა ინვესტორებთან, იგეგმება რამდენიმე ქარხნის მშენებლობა მიმდინარე წელს. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ წელს ეკონომიკის განვიტარება, გაჯანსაღება და რეალური ბუმის დაწყებაა. ჩვენ რეალური მიზნები და ამბიცია გვაქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.