-
2014-02-11 22:25
საქართველოს პრემირმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მეზობელი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა თეა სეიჭინავას გადაცემა „პოლიტიკურ დროში“, ტვ "იმედის" ეთერში ისაუბრა:
“2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით რუსეთთან რადიკალური მიდგომა შეცვალა, ჩვენ დავიწყეთ კონსტრუქციული დიალოგი.
დაინიშნა პრემიერის პირადი წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკიტხებში, ზურაბ აბაშიძემ. ჩვენმა ხელისუფლებამ გასულ წელს მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა. ჩვენი პოლიტიკა მოწონებული იქნა საერთაშორისო არენაზე, ჩემი ბოლო ვიზიტის დროს მიუნჰენის კონფერენციაზე, ვიზიტი ევროკავშირში, გვქონდა ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისია, სადაც ყველამ მოიწონა საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწოდეს, რომ კიდევ უფრო გავააქტიუროთ ჩვენი დიალოგი რუსეთთან. ამაში იგულისხმება პირდაპირი დიალოგი, მე მაქვს ამის მზაობა, რომ შედგეს ასეთი დიალოგი, გვაქვს ასეთი განწყობა გუნდში, ის თუ რა ფორმატის იქნება ეს შეხვედრა, ასეთ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებდი, ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი პრობლემა.
ასეთ შეხვედრას ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება, მითუმეტეს ასეთი პაუზის შემდეგ.
მე მსურს აღვნიშნო, რომ მიუხედავად ჩვენი გადაწყვეტილებისა, სოჭში ქართველი სპორტსმენების გაგზავნასთან დაკავშჳრებით, რთული მისაღები იყო, ჩვენ არ გამოვუცხადეთ ბოიკოტი რუსეთის ოლიმპიურ თამაშებს, ეს კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი იყო წარმატებული დიალოგისთვის.
ჩვენ გასულ წელს შევძელით სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთთან, ექსპორტი გასამმაგდა საქართველო-რუსეთს შორის, ადამინებს შორის ინტენსიური გახდა ურთიერთობები, ამის მომხრენი ჩვენ ვართ, მე ვიზიარებ იმ შეფასებას, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობები დამოკიდებულების გასანჯახებას ხელს უწყობს.
არ შეიძლება სპორტი პოლიტიკასთან ასოცირებული იყოს. რა თქმა უნდა ჩვენ მძიმე პრობლემა გვაქვს, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები. რატომ არ შეიძლება პლიუსად აღვიქვათ ის, რომ სოჭსა და თბილისს შორის ფრენები გაგრძელდება.
ჩვენ გვაქვს გახსნილი პოლიტიკა. ეს, ბუნებრივია, კარგია ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ასეთ შეხვედრას ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება, მითუმეტეს ასეთი პაუზის შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.