-
2015-08-27 12:04
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-მ დასაქმების სააგენტო Jobs.ge-ზე 60 ვაკანსია განათავსა "დამოუკიდებელი ექსპერტის" თანამდებობაზე. „აიპრესთან“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვაკანსია "დამოუკიდებელი ექსპერტის" თანამდებობაზე ორთვენახევრიანია. ანაზღაურება კი შეთანხმებით.
ირაკლი კობახიძე: - "პროცესი დაახლოებით 2 თვენახევარს გაგრძელდება. სადაც 15 სამუშაო დღე არის გათვალისწინებული. რაც შეეხება ანაზღაურებას, ექსპერტები თვითონ განსაზღვრავენ საკუთარ ანაზღაურებას. ეს ექსპერტების შერჩევის ერთ-ერთი პირობა იქნება. ეირჩევიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც წინასაარჩევნო პროგრამის პროექტის, ანუ პირველადი ვარიანტის მომზადების სამუშაო პროცესში იქნებიან ჩართული. ექსპერტებს სწორედ ამ მიზნით შევარჩევთ.
ჩვენ გვყავს შიდა რესურსი, რომელიც ამ პროცესში იქნება ჩართული, მაგრამ ჩვენი ამოცანა მოვიწვიოთ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ქვეყანაში არსებულ სიტუაცის შეაფასებენ. უნდა შეფასდეს 2012 წელს არსებული მდგომარეობა. ასევე 2012-დან 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები. სწორედ ამას მოიცავს ის დიაგნოსტიკური ანგარიში, რომელზეც განცხადებაშია საუბარი. ამისთვის კი დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევა გვჭირდება. პროცესი იქნება ღია და გახსნილი.
სიაში შეიძლება ნებისმიერი ექსპერტი მოხვდეს, რომელიც კონკურსის საფუძველზე შეირჩევა. ჩვენ რომელიმე კონკრეტული ჯგუფით არ შემოვიფარგლებით. ნებისმიერი ექსპერტი, რომელიც სხვაზე უკეთესი იქნება, შეირჩევა კონკურსისი საფუძველზე და მოხვდება ექსპერტთა სიაში.
ირმა მესხია, "აიპრესი"