სტალინი–ორჯონიკიძეს. სრულიად საიდუმლოდ: „დასტურია, შეუტიე, აიღე ქალაქი!“

Image

1921 წლის დასაწყისში განსაკუთრებით გააქტიურდა საბჭოთა რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ. არქივში დაცულია საიდუმლო მიმოწერა „რევოლუციონერ“ ქართველებს შორის, რომლებსაც მიზანში სწორედ თავიანთი სამშობლო ჰქონდათ ამოღებული.

 

„აფხაზეთის ხმა“ რამდენიმე, მეტნაკლებად ცნობილ, არქივში დაცულ დაშიფრულ ტელეგრამებს წარმოგიდგენთ, საიდანაც ცხადი ხდება, როგორ მოუთმენლად ელოდა და ამზადებდა რუსეთი საქართველოს ანექსიას:

 

საქართველოს გასაბჭოების სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი მოგვიანებით "ხალხთა ბელადად" წოდებული სტალინი იყო, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგაც არ ისვენებდა და საქართველოსთვის მორიგი წნეხის გამოგონებაზე ფიქრობდა. აი, ბოლოს რა მოიფიქრა: "საქართველო საჭიროებს დაუთოებას ცხელი უთოთი" - (სტალინი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა, 1921 წ. ივნისი).

 

საქართველოში (და, ზოგადად, კავკასიაში) სტალინს მთავარ შემსრულებლად სერგო ორჯონიკიძე ჰყავდა.

 

1921 წლის დასაწყისში მოსკოვი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ანტანტის მთავარ მოთამაშესთან - ინგლისთან და ათათურქის ხელისუფლებასთან. ამ პროცესის დასრულებამდე რუსეთი კავკასიაში აქტიურობას ერიდებოდა.

 

იანვარის ბოლოს ბოლშევიკებმა ფაქტობრივად, დაასრულეს დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკება, რომელსაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში მჭიდრო ურთიერთობის დამყარება უნდა მოჰყოლოდა. ამ თანამშრომლობის სანაცვლოდ, რუსეთი ცენტრალურ აზიაში დიდი ბრიტანეთის ინტერესებს უპირობოდ ცნობდა. თავის მხრივ, ლონდონი აღიარებდა, რომ კავკასია რუსეთის შიდა პოლიტიკის საქმეს წარმოადგენდა.

 

რუსეთმა ფარულ შეთანხმებას თურქეთთანაც მიაღწია. ათათურქის მთავრობა საქართველოს ისტორიულ კუთხეს - ტაო-კლარჯეთს ითხოვდა. 1921 წლის იანვარის ბოლოს საბოლოოდ გაირკვა, რომ თუ თურქეთი არდაგანის, ართვინის და ოლთისის ოლქებს მიიღებდა, იგი საქართველოს ძალისმიერი გასაბჭოების წინააღმდეგი არ იქნებოდა.

 

ვითარების გარკვევის შემდეგ, რუსეთმა აქტიური მოქმედება დაიწყო. ბოლშევიკთა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჩიჩერინმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის საჭირო საბაბი ლენინის მისამართით 20 იანვარს გაგზავნილ წერილში ასახა:

 

ჩიჩერინი - ლენინს. "საქართველო ისე გავიდა თავს, რომ შეიძლება იძულებული გავხდეთ და გავასაბჭოოთ იგი. თქვენ იცით მოვლენათა თანამიმდევრობა: საქართველომ უარი თქვა მთლიანად შეესრულებინა ხელშეკრულებაზე დაფუძნებული შეთანხმება, რომელიც მის ნავსადგურში შესული ჩვენი გემების დაბრუნებას გულისხმობს. გარდა ამისა, დააპატიმრა ჩვენი თანამშრომლები, მასობრივ რეპრესიებს მიმართა კომუნისტთა წინააღმდეგ და უარი თქვა შეესრულებინა ამ საკითხზე ჩვენთან დადებული შეთანხმება."

 

ამ წერილზე ბოლშევიკთა პარტიამ მყისიერი რეაგირება მოახდინა:

 

"24 იანვარი 1921 წ. სტალინი - ცეკას წევრებს. წინადადებას ვაყენებ მოვიწონოთ ამხ. ჩიჩერინის ხაზი საქართველოს საკითხში და რესპუბლიკის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს მივცეთ დირექტივა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ შეუდგეს მოსამზადებელ მუშაობას იმისთვის, რათა გადაწყვიტოს საკითხი კავკასიაში სამხედრო ჩარევის წესის თაობაზე. ამავე დროს დირექტივა მივცეთ ორჯონიკიძეს, მოამზადოს აჯანყებულთა გამოსვლა საქართველოს ცნობილ რაიონებში."

 

სტალინის წინადადება კომპარტიის ცეკას პლენუმმა მოიწონა. 26 იანვარს რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია საბოლოოდ გადაწყვიტა. საქართველოს გასაბჭოებისთვის მოსკოვმა კავბიუროს მწვანე შუქი 1921 წლის 26 იანვარს აუნთო.

 

"6 თებერვალი 1921 წ. ორჯონიკიძე - ლენინს და სტალინს. "საქართველო საბოლოოდ გადაიქცა მსოფლიო კონტრრევოლუციის შტაბად ახლო აღმოსავლეთში. აქ მოქმედებენ ფრანგები, აქ მოქმედებენ ქიაზიმ-ბეი და მთიელთა მთავრობის წარმომადგენლები.

 

ჩრდილო-კავკასიის მთიელ აჯანყებულთა დასახმარებლად იგზავნება მილიონები. სასაზღვრო ზოლში ქმნიან ბანდ-ფორმირებებს, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს სასაზღვრო ნაწილებს. აუცილებელად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ სასიკვდილო საფრთხეს, რომელსაც უქმნის საქართველო ბაქოს რაიონს. ამ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში აჯანყების დაწყებითა და მისი სწრაფი გასაბჭოებით."

 

საქართველოს გასაბჭოების საკითხი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ კრემლს ორჯონიკიძისგან სწორედ მსგავსი შინაარსის დეპეშა სჭირდებოდა, რათა ამ დეპეშის საფუძველზე ცეკას ინტერვენციის ფორმალური გადაწყვეტილება მიეღო. 8 თებერვალს რუსეთის კომპარტიის ცეკამ განიხილა 6 თებერვალს ბაქოდან ორჯონიკიძის მიერ გამოგზავნილი დეპეშა და საქართველოს გასაბჭოების ოპერაცია საბოლოოდ დაამტკიცა.

 

11 თებერვალს ლორეს რაიონში კომუნისტური აჯანყების პროვოცირება მოხდა. დივერსიულმა ჯგუფებმა ბორჩალოში დისლოცირებულ ქართულ ნაწილებზე მიიტანეს იერიში, რასაც მალე საქართველოში XI არმიის რეგულარული ნაწილების შემოსვლა მოჰყვა.

 

13 თებერვალს აჯანყების ორგანიზატორმა სომეხმა კომუნისტმა იოსებ ლაზიანმა ბაქოში, ერევანში და მოსკოვში ოპტიმისტური დეპეშა გააგზავნა:

 

"ბაქო. მე-11 არმიის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს. ერევანი - სომხეთის რევკომს. მოსკოვი - ჩიჩერინს. ძლევამოსილად დამთავრებული აჯანყების ამბავი, მეხივით გავარდა საქართველოში, აჯანყებულთა მოძრაობის ტალღა ლორედან შეუკავებელი ძალით მოედო მთელ საქართველოს.

 

ნეიტრალური ზონის წითელი მეამბოხენი მრისხანე ნაკადით მიექანებიან თბილისისკენ. მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც შეაჩერებდა მშრომელთა ლაშქრის აჯანყების ამ ძლევამოსილ სვლას. დიადი მუშურ-გლეხური რუსეთის წითელი არმია მოვალეა რევოლუციონერ აჯანყებულთა მწკრივებში მყოფი თავისი ფოლადისებური რაზმები შეუერთოს იმ რწმენასა და სასოებას, რომ წითელი არმია მალე მხარს დაუჭერს მათ. წითელ აჯანყებულთა პასუხისმგებელი ხელმძღვანელი ლაზიანი."

 

ლაზიანის დეპეშის საპასუხოდ, კრემლმა XI არმიას შესაბამისი დირექტივა 14 თებერვალს მისცა. საქართველოში XI არმიის შეჭრის ბრძანებას ხელს თავად ლენინი აწერდა:

 

"ლენინი - XI არმიის სამხედრო რევოლუციურ საბჭოს: ცეკა თანახმაა, რომ მე-11 არმიამ აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში მომხდარ აჯანყებას და დაიკავოს თბილისი. ამასთანავე, მე-11 არმიამ ქალაქის აღების დროს უნდა დაიცვას ყველა საერთაშორისო ნორმა. გაფრთხილებთ, რომ ტრანსპორტის უქონლობის გამო, უპუროდ ვსხედვართ და ვერც ერთ ვაგონს ვერ მოგცემთ. იძულებულები ვართ კავკასიიდან მარტო პური და ნავთი ვზიდოთ. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გვიპასუხოთ პირდაპირი მავთულით, პასუხს ხელი მოაწეროს მე-11 არმიის რევოლუციური საბჭოს ყველა წევრმა."

 

ამ დეპეშის შემდეგ, 15 თებერვალს ორჯონიკიძემ, მოსკოვისგან ოფიციალურად მოითხოვა XI არმიის საქართველოში შეყვანაზე თანხმობა და კონკრეტული ოპერაციის დადასტურება:

 

ორჯონიკიძე, ელიავა - ლენინს, სტალინს: "ქართველებმა დაიწყეს ძალების გადმოსროლა ლორეში აჯანყებულთაწინააღმდეგ. მათი შეტევა მოსალოდნელია ნებისმიერ წუთს. ასეთ შემთხვევაში გარემოება იძულებულს გვხდის საპასუხო დარტყმა განვახორციელოთ. ჩვენი აზრით, წარმატების მისაღწევად ამაზე ხელსაყრელი მომენტი აღარ გვექნება. ქართული არმიის მორალური მდგომარეობა დაბალ დონეზეა. ამას მოწმობს სადახლოს რაიონში თითქმის მთელი ქართული ბრიგადის ბრძოლის გარეშე დანებება და სადახლოს აღება, სადაც ქართველები ოთხჯერ აღემატებოდნენ აჯანყებულებს. დაყოვნება მხოლოდ გააუარესებს ჩვენს შანსებს."

 

რამდენიმე საათში მოსკოვიდან პასუხი მოვიდა.

 

"სტალინი ორჯონიკიძეს: "ეხლა გადმოგცემ ცეკას დაშიფრულ პასუხს. მანამდე კი გთავაზობ: ახლავე შეუტიე,დასტურია, აიღე ქალაქი."

 

რამდენიმე წუთში ორჯონიკიძემ უკვე კრემლის ოფიციალური დადასტურებაც მიიღო, სადაც დასაბუთებული იყო XI არმიის საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო ოპერაციის წარმოება. კრემლი უცხო ქვეყანაში შეიარაღებული ძალების შეჭრას, აჯანყებულთა დაცვის მოტივით ამართლებდა:

 

"15 თებერვალი 1921 წელი. ლენინი მე-11 არმიის რევოლუციურ საბჭოს: "ცეკას მიაჩნია, რომ XI არმიის ოპერაციაწარმოადგენს ნეიტრალურ ზონაში მყოფი აჯანყებულების დაცვას, რომელთაც ემუქრებათ განადგურება თეთრგვარდიელების მხრიდან. ანგარიში გაუწიეთ თქვენი ოპერაციის ამ პოლიტიკურ ხასიათს ყველა თქვენს საჯარო გამოსვლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ XI არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოსაგან მოველით ენერგიულ დასწრაფ მოქმედებას. თუ ნეიტრალურ ზონაში მყოფ აჯანყებულთა დასაცავად, სამხედრო თვალსაზრისით, საჭიროა თბილისის აღება, XI არმია არც ამას უნდა მოერიდოს."

 

ამ დეპეშას ჰქონდა სტალინის მიერ ხელით მინაწერი:

 

"სამი დღის შემდეგ ველი ცნობას თბილისის აღების შესახებ."

 

იმავე დღეს საქართველოში რუსეთის ელჩმა აარონ შეიმანმა ბაქოდან შემდეგი შინაარსის დეპეშა მიიღო: "გადაწყვეტილია რუბიკონის გადალახვა. იმოქმედეთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად."

 

1921 წლის 16 თებერვალს წითელი არმიის მიერ დაკავებულ შულავერში, საქართველოს რევოლუციური კომიტეტი ჩამოყალიბდა. რევკომში ძირითადად ის ქართველი კომუნისტები შედიოდნენ, რომლებიც 1918-1920 წლებში საქართველოს მთავრობამ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის ქვეყნიდან გააძევა.

 

რევკომის შემადგენლობაში შედიოდნენ: ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მიხეილ ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ალექსანდრე გეგეჭკორი, ბესარიონ კვირკველია. რევკომის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სტალინი ორჯონიკიძეს შემდეგ რჩევას აძლევდა:

 

სტალინი ორჯონიკიძეს: "რევკომის შემადგენლობაში დატოვეთ რამდენიმე ადგილი ფედერალისტებისა და მემარცხენე მენშევიკებისათვის. გარდა ამისა, რევკომში გირჩევ შეიყვანო თათარი, სომეხი და აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენელი. თორემ სხვანაირად რევკომი კოჭლობას დაიწყებს. ჟორდანიას შეცდომა ის იყო,რომ მისი მთავრობა თითქმის სულ გურულებისაგან შედგებოდა და ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში არ სარგებლობდა მხარდაჭერით. მენშევიკების ეს შეცდომა ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ."

 

პირველსავე სხდომაზე, რომელიც 16 თებერვალს შულავერშივე გაიმართა, რევკომმა რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის მეთაურს ვლადიმერ ლენინს დახმარების შესახებ თხოვნა გაუგზავნა:

 

"საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც იშვა მენშევიკების კონტრრევოლუციური მთავრობის წინააღმდეგ ხალხის მასების აჯანყების ცეცხლსა და კვამლში, აღფრთოვანებულ სალამს უგზავნის დიდი პროლეტარული რევოლუციის ბელადს. საერთაშორისო იმპერიალიზმის მიერ სამი წლის მანძილზე ნასაზრდოებმა მენშევიკების მთავრობამ შექმნა საკუთარი პოლიციური და სამხედრო აპარატი მშრომელთა დასათრგუნავად. საერთაშორისო რეაქციის და ქართველი მენშევიკების კოალიციის წინააღმდეგ საქართველოს მშრომელები მოისუსტებდნენ და ყველა ცდა დაემხოთ მოძალადეთა უღელი, დამარცხებით მთავრდებოდა. მაგრამ ხალხის მასების უკანასკნელი აჯანყება ძლევამოსილი აღმოჩნდა.

 

საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ისწრაფიან ევროპის რეაქციის ძალები. გაერთიანებული შავი ლაშქრის დაწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ შეერთებულ წითელსოციალისტურ ლაშქარს შეუძლია. ჩვენ ვიმედოვნებთ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არამარტო დიადიპროლეტარული რევოლუციის, არამედ დიდი მატერიალური შესაძლებლობის ქვეყანა არ დაგვტოვებს ჩვენუთანასწორო ბრძოლაში და დახმარებას აღმოუჩენს ახლადშობილ საქართველოს სოციალისტურ საბჭოთარესპუბლიკას."

 

16 თებერვლიდან რუსეთმა საქართველოზე შეტევა რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. ბორჩალოს მაზრის გარდა, XI არმიამ საქართველოს საზღვარი წითელი ხიდიდან და ფოილოს სარკინიგზო ხიდიდანაც გადალახა.

 

"17 თებერვალი 1921 წ. ორჯონიკიძე - სტალინს. ფოილოდან წითელი არმიის დიდებული მწყობრი რიგები მოსახლეობისა და აჯანყებულებთა აღტაცებულ მისალმებებში გადავიდნენ მტკვარზე. ყველაგან იმართება ხალხმრავალი მიტინგები და მანიფესტაციები წითელი არმიის პატივსაცემად. აჯანყებულები თვითონვე გადადიან წითელი არმიის სამხედრო ნაწილში, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე დგას."

 

"18 თებერვალი 1921 წ. ორჯონიკიძე - სტალინს. "ჩვენ მივიღეთ ფრიად დიდმნიშვნელოვანი ცნობები, შიმშილითა და საქართველოს მთავრობის ძალადობით გაწამებული საქართველოს მშრომელები აჯანყდნენ ბურჟუაზიის აღვირახსნილი ღრეობის წინააღმდეგ... და მძლავრი ნიაღვარივით დაიძრნენ თბილისისაკენ... და ახლა წითელი ნიაღვარი უახლოვდება თბილისს, ბურჟუაზიის ღრეობის ამ საძულველ კერას. თბილისის საათები დათვლილია, შესაძლოა ამ წუთს თბილისის თავზე უკვე ფრიალებს პროლეტარიატის დიქტატურის წითელი დროშა."

 

საქართველოს მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას დიდი მცდელობის მიუხედავად, რუსეთის კომუნისტურ ხელისუფლებასთან ომის დაწყების მიზეზების დადგენა ვერ მოხერხდა:

 

21 თებერვალი 1921 წელი. "ჟორდანია - ჩიჩერინს: რას ითხოვთ ჩვენგან? გვაცნობეთ ის მიზნები, რომლის გამოცდაიწყეთ ომი ჩვენს წინააღმდეგ. შესაძლოა ჩვენ შევძლოთ სისხლისღვრის გარეშე მოლაპარაკება."

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჟორდანიას ეს დეპეშა პასუხის გარეშე დატოვა.

 

1921 წლის 24 თებერვალს თბილისს ალყის საფრთხე შეექმნა. ასეთ ვითარებაში მთავრობამ ქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მეორე დღეს 25 თებერვალს 12 საათსა და 15 წუთზე, კოჯრის გზიდან საქართველოს დედაქალაქში XI არმიის მოწინავე ნაწილები გამოჩნდნენ. იმავე დღეს ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვში ცნობილი დეპეშა გააგზავნა:

 

25 თებერვალი 1921 წელი. "ორჯონიკიძე - ლენინს, სტალინს. ტფილისზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!".

 

სტატიაში გამოყენებულია "პირველი არხის" დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელის, მიხეილ ბასილაძის მიერ სხვადასხვა დროს პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული მასალები.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !