-
2013-05-15 18:31
"საქართველო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ ისწრაფვის", - ასე დაასათაურა "ევრონიუსმა" 14 მაისს გამოქვეყნებული ინტერვიუ საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან.
საქართველოს შიდა პრობლემებთან და საგარეო კურსთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა საერთაშორისო მასშტაბის რამდენიმე კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებითაც.
ერთერთი შეკითხვა ასე ჟღერდა: "სერბეთმა და კოსოვომ განაცხადეს, რომ აწესრიგებენ ურთიერთობებს და დაიწყო მათ შორის შეთანხმების მომზადების პროცესი ბრიუსელში.
შესაძლოა ეს იყოს მაგალითი და მოტივაცია, რომ დაალაგოთ ურთიერთობა აფხაზეთთან და ოსეთთან?", რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:
"ეს ძალიან კარგი მაგალითია. ეს ადასტურებს, რომ მსოფლიო იცვლება და ადამიანები, ვინც წარსულში რაღაცას ვერ ახერხებდენ, ახლა პოულობენ საერთო ენას და აღწევენ შეთანხმებას. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ენერგია, რომ დავლაგოთ ურთიერთობა ჩვენს ძმებთან - ოსებთან და აფხაზებთან და, რა თქმა უნდა რუსეთთანაც."
"ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს დიდ მეზობელთან", - ამბობს ივანიშვილი ინტერვიუში და დასძენს, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიის 20%, თუმცა აუცილებლად დაიბრუნებს მას, მხოლოდ არა ძალის გამოყენებით, არამედ მოლაპარაკების შედეგად. ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართვეელოს შორის დღეს არსებული ურთიერთობა არცერთი მხარისთვის არაა მისაღები და ხელსაყრელი.
პრემიერმინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.