-
2014-02-11 00:54
„აფხაზეთის ხმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ხელჩართული ჩხუბის შესახებ, რომელიც მეტროს სადგურ „რუსთაველის“ ბაქანზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
თვითმხილველმა „აფხაზეთის ხმას“ აცნობა, რომ ბაქანზე მყოფ ორ პოლიციელს ახალგაზრდების ჯგუფი დაუპირისპირდა და სასტიკად სცემა. ჩხუბი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, შემდეგ კი ესკალატორით საპატრულო პოლიციის მაშველი ჯგუფი მოვიდა და ახალგაზრდები, რომელთაგან უმრავლესობა ნასვამი იყო, დააკავეს.
თვითმხილველი ვერ ასახელებს მიზეზს, რის გამოც დაპირისპირება დაიწყო, სავარუდოდ, ახალგაზრდების გაღიზიანება ქვეითი პატრულის შენიშვნამ და სიწყნარისკენ მოწოდებამ გამოიწვია:
„შვიდი ახალგაზრდა დავთვალე, საშინლად აგრესიულები იყვნენ. შემიძლია ვთქვა, რომ პატრული ვერ იმეტებდა, რეზინის ხელჯოხებიც არ გამოუყენებიათ, ისინი მხოლოდ მოგერიებას ცდილობდნენ და თვითონაც გაკვირვებულები იყვნენ იმ დაუნდობელი ჩხუბის და გააფთრების გამო, როგორითაც ახალგაზრდები მათ ურტყამდნენ.
ბოლოს ეს ორი პოლიციელი სამ ახალგაზრდას ჰყავდა დაჭერილი, ორი კი წიხლებს ურტყამდა მუცელში და მკერდზე, მატარებლებიც კი გაჩერდნენ, ხალხი გადმოვიდა, ბოლოს რამდენიმე მამაკაცი ჩავერიეთ და განვმუხტეთ სიტუაცია.
მანამდე იმ ჯგუფიდან ერთერთს ვთხოვე, რომელიც შედარებით ფხიზელი ჩანდა – დააწყნარე შენი მეგობრები და წაიყვანე აქედან–მეთქი და ჩუმად მითხრა, ის ორი ახლახან გამოვიდა ციხიდან, ეგეთი აგრესიულები არიან, ვერაფერს გავაგებინებო... დამხმარე ჯგუფმაც დაიგვიანა...“, – ამბობს ჩხუბის თვითმხილველი „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში.
მისივე თქმით, "ერთი ახალგაზრდა, რომელიც ჩხუბობდა, ბოლოს გონს მოეგო და გაქცევა დააპირა, მაგრამ გვირაბისკენ გაიქცა, ჩახტომას აპირებდა და ისევ ჩვენ დავუძახეთ, მანდ ნუ მირბიხარ, დენი დაგარტყამსო...“
„აფხაზეთის ხმა“ ამ დრომდე ცდილობს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს–ს კომენტარი მოიპოვოს. უწყების პოზიცია მისი მიღებისთანავე გამოქვეყნდება.