
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" პრეზენტაციას მართავს. ივანიშვილი ორგანიზაციის მიზნებსა და გეგმებზე საუბრობს.
"ჩემი ოცნება იყო თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამ ოცნების აღსრულებისთვის მომიწია პოლიტიკაში მოკლე დროით მოსვლა და ამასვე ემსახურებოდა ჩემი პოლიტიკად წასვლაც – ამ სიტყვებით მოგმართეთ ორიოდე თვის წინ, როცა პოლიტიკიდან წავედი და ამავე დროს, მიგანიშნეთ ჩემს მომავალ საქმიანობაზე.
დიახ, თავისუფალი მოქალაქეობა ამქვეყნიური ყველაზე დიდი ბედნიერებაცაა და ყველაზე დიდი ტვირთიც. ამისთვის დავაფუძნე ორგანიზაცია "მოქალაქე". მოქალაქე ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სახელმწიფოებრივად ორგანიზებულ ინდივიდს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის განცდა, არა მარტო მათზე, ვისთანაც ცხოვრობს ან ვინც უყვარს, არამედ ყველა თანამოქალაქეზე, ვისაც საერთოდ არ იცნობს ან სულაც არ მოსწონს.
ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, „ყველამ ერთად და თითომ ცალკემ უნდა გავიაზროთ, რომ ნაწილი ვართ მთელი ერისა“ - როგორც გახსოვთ მე ამ სიტყვებს ხშირად ვიყენებდი პოლიტიკაში მოსვლისას.
რომ შეგახსენოთ რამდენად თანმიმდევრული ვიყავი პოლიტიკაში მოსვლისას შეგახსენებთ ჩემს სიტყვებს. ჩვენი პრობლემა გახლდათ და გახლავთ დღესაც, რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ ხელისუფლების დაქირავება და ვერ ვისწავლეთ და არ ვიცოდით როგორ აგვერჩია და გვეკონტროლებინა მთავრობა.
მოსვლის პირველი დღიდან ამაზე ვაკეთებდი ძირითად აქცენტს. ადამიანი, რომელსაც საკუთარი პარტია ვერ დაუფუძნებია და ოქროს კოშკებს გვიხატავს, და მის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ხელმოცარული იყო მთელი ცხოვრება, მან რა უნდა გააკეთოს?
ჩვენ უნდა შევძლოთ ამის გააზრება, ისევე როგორც არ უნდა ვეძებოთ უმწიკვლო ადამიანი. შეიძლება ის არ იყოს დიმიტრი გელოვანი, არ იყოს ზეადამაინი, მაგრამ ჩვენ არსებული რეალობიდან უნდა გავაკეთოთ არჩევანი. არც ის ვარგა, როცა განაწყენებული არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ვამბობთ.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.